კახა კალაძე - დამაზიანებელი და ძალიან მძიმეა, როდესაც შენი ქვეყნის პოლიტიკოსები არიან ჩართული კამპანიაში, რომ ქვეყანა და მისი ევროპული მომავალი როგორმე დააზიანონ
დამაზიანებელი და ძალიან მძიმეა, როდესაც შენი ქვეყნის პოლიტიკოსები არიან ჩართული კამპანიაში, რომ ქვეყანა და მისი ევროპული მომავალი როგორმე დააზიანონ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და გამოქვეყნებული დოკუმენტებით, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდა.
„აღნიშნული კანონით, რომელიც „რუსულ კანონად“ იყო შერაცხული, საზოგადოებამ ძალიან ბევრი რამ გაარკვია. გაირკვა ყველაფერი, რაზეც ამ ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. მიმდინარეობდა მიზანმიმართული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. ძალიან ცუდი და დამაზიანებელია, როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქე, მერე რა, რომ შეიძლება, ოპოზიციაშია და ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ, როდესაც შენი გადადგმული ნაბიჯებით გაქვს მცდელობა, დააზიანო ქვეყანა, ქვეყნის მომავალი, იმიჯი, ეს არის მოღალატეობრივი ქმედებები, რაც ძალიან ცუდი და სამწუხაროა. საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და გამოქვეყნებული დოკუმენტაციით, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდა საზოგადოებას და ყველა ძალიან კარგად ხვდება ყველაფერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძე ასევე გამოეხმაურა სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის ლობისტურ კომპანიასთან სავარაუდო კომუნიკაციის ფაქტს და აღნიშნა, რომ ამაზე აუცილებელია ახსნა-განმარტებები, თავად პროცესში ქართველი პოლიტიკოსების მონაწილეობა კი ძალიან დამაზიანებელია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
„რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და მძიმეა, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩოს თანამშრომელი ჩართულია ასეთ ქმედებებში. ამას სჭირდება ახსნა-განმარტება, პასუხების გაცემა. ხაზს ვუსვამ, რომ მცდელობაა ქვეყნის გაშავების, მცდელობაა, რომ ქვეყანა დაასანქცირონ. მე საუბარი არ მაქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და საელჩოს თანამშრომელზე, უფრო გამაღიზიანებელი, დამაზიანებელი და ძალიან მძიმეა, როდესაც ამ ყველაფერში შენი ქვეყნის მოქალაქეები და პოლიტიკოსები არიან ჩართული, როგორმე დააზიანონ ქვეყანა და მისი ევროპული მომავალი. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც ასეთ ქმედებებში იღებს მონაწილეობას მთელი ამ წლების განმავლობაში, როგორც ყველა არჩევნებზე, ასევე 2024 წელს საზოგადოება გასცემს შესაბამის პასუხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.