კახა კალაძე - დადასტურდა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული კამპანია ქვეყნის გაშავებისკენ იყო მიმართული, ბოდიში მოიხადონ ევროპარლამენტარებმაც, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ ქართველ ხალხს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე, გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციით დადასტურდა ყველაფერი, რაზეც ხელისუფლება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ აგორებული კამპანიის შესახებ საუბრობდა, რომ ეს იყო ფარსი და სიბინძურე.
კალაძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის გარშემო აგორებული კამპანია ქვეყნის გაშავებისკენ და ხელისუფლების დამხობისკენ იყო მიმართული.
„ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო რეალობა. პრაქტიკულად, დადასტურდა ყველაფერი, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. აღნიშნული კამპანია, რომელიც შეიცავდა ძალიან დიდ ტყუილს, სიბინძურეს, პრაქტიკულად მთლიანად იყო ფარსი. მიმართული იყო საქართველოს, საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის წინააღმდეგ და, ზოგადად, ქვეყნის გაშავებისკენ. კიდევ ერთხელ დადასტურდა და გამოიკვეთა ის სიბინძურე, რაც ხდებოდა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი შენიღბულია ვითომ ლობიზმად, რაც ძალიან სამწუხაროა. აღნიშნული დოკუმენტებიდან ირკვევა, თურმე მიღებული რეზოლუციები, გაკეთებული განცხადებები, რაც კეთდებოდა საქართველოს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ყველაფერი იყო ფარსი და ამ ყველაფერს აკეთებდნენ ფულის გამო. ამას ჰქვია, სამწუხაროდ, პოლიტიკა, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ცუდია, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა და ამაში ჩართული იყვნენ ჩვენი უცხოელი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები“, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება კითხვას ამ ყველაფერში ამერიკის საელჩოს ჩართულობის შესახებ, თბილისის მერი პასუხობს, რომ გაუჭირდება ახსნა, რა კავშირშია ამერიკის საელჩო.
„რაც ამ ინფორმაციაში ეწერა, ბევრ კითხვას ბადებს. მე გამიჭირდება იმის ახსნა, რა კავშირშია ამერიკის საელჩო და რატომ უნდა ყოფილიყო ჩართული აღნიშნულ გადაწყვეტილებებსა და იმ სიბინძურეში, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ხდებოდა. ხალხსაც ბევრი კითხვა უჩნდება. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სწორ ანალიზს გააკეთებს. ალბათ ბევრ ადამიანს ჰქონდა კითხვები, რა ხდებოდა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. დღეს ყველაფერი ნათელი გახდა, რომ იმ სიბინძურის უკან, რაც ხდებოდა, დღეში ათჯერ რომ „კვდებოდა“ სააკაშვილი, რა ძალები იდგნენ ამის უკან. ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ, კეთილი ინებოს ყველამ და ბოდიში მოიხადოს, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებმა, ევროპარლამენტარებმა, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ საქართველოს კონსტიტუციას, ქართველ ხალხს თავიანთი ოდიოზური განცხადებებით. ისინი ჩვენი მეგობრები არ არიან, არამედ არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მეგობრები და აქვთ მხოლოდ ის ინტერესი, რომ დაამხონ ხელისუფლება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს, რომლებიც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას, აგრეთვე პოლონელ ექიმებს.
ამასთან, გუშინ გახდა ცნობილი მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობის შესახებ მორიგი დოკუმენტაცია, რომელიც უცხოური მედიისთვის მომზადებულ მასალებს ეხება.