კახა კალაძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანი და ყველა განხორციელებული რეფორმა ადამიანის კეთილდღეობისკენ არის მიმართული
ჩვენ კარგად გვესმის ის გამოწვევები, რომლებიც რეგიონის და ქვეყნის წინაშე დგას, მხოლოდ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებს, თუ არ იქნა საზოგადოების კონსოლიდაცია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა,”ქართული ოცნებისთვის” მნიშვნელოვანია ადამიანი და ყველა განხორციელებული რეფორმა სწორედ ადამიანის კეთილდღეობისკენ არის მიმართული.
“კარგად გვახსოვს ის წლები, როდესაც განსხვავებული აზრისა და შეხედულებების გამო სასტიკად უსწორდებოდნენ ადამიანებს. ეს ძალადობა ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ. გვახსოვს 2011 წელი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და მიიღო პოლიტიკური პარტიის შექმნის გადაწყვეტილება. ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანია ადამიანი და ყველა განხორციელებული რეფორმა სწორედ ადამიანის კეთილდღეობისკენ არის მიმართული. რასაკვირველია, უშეცდომო არავინ არის და შეცდომები ჩვენც მოგვდის, მაგრამ ყველა ნაბიჯი გადადგმულია ქვეყნის სიყვარულით. დღეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ეკონომიკური განვითარება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც შევძელით ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ კარგად გვესმის ის გამოწვევები, რომლებიც რეგიონის და ქვეყნის წინაშე დგას. მხოლოდ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებს, თუ არ იქნა საზოგადოების კონსოლიდაცია. არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც საზოგადოების ერთიანობას ქვეყნის წარმატება და გამარჯვება მოჰყვა. სწორედ ასეთი ერთიანობით შევძლებთ, ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ყველას გვაწუხებს და დარწმუნებული ვარ ჩვენი ქვეყანა ხვალ იქნება ბევრად უკეთესი”, – განაცხადა კახა კალაძემ.