კახა კალაძე - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამი ქულა, მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს ბიჭებს საქართველო-უკრაინის თამაშზე
მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და წარმატება ვუსურვო ჩვენს ბიჭებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი გულშემატკივრები საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის ნახვას 16 ნოემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ მონიტორზეც შეძლებენ. როგორც კალაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტმა ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მიიღო, ვინაიდან ბათუმის სტადიონის ტევადობა ყველა გულშემატკივრის მასპინძლობის საშუალებას არ იძლევა.
„16 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას მასპინძლობს. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და წარმატება ვუსურვო ჩვენს ბიჭებს. ძალიან მნიშვნელოვანია სამი ქულა. როგორც იცით, აღნიშნული შეხვედრა გაიმართება ბათუმში. ძალიან ბევრ გულშემატკივარს აქვს მატჩზე დასწრების სურვილი, თუმცა სტადიონის ტევადობა ამ ყველაფრის შესაძლებლობას არ იძლევა. როგორც წინა შემთხვევებში, ახლაც, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ რესპუბლიკის მოედანზე ქართველ გულშემატკივრებს მივცეთ შესაძლებლობა, უქომაგოს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. მობრძანდით, აღნიშნული სივრცე ყოველმხირვ მოწესრიგებული იქნება. განთავსდება დიდი ეკრანი, სადაც შესაძლებლობა გვექნება, ვუგულშემატკივროთ და მხარი დავუჭიროთ ჩვენს ბიჭებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.