კახა კალაძე - ჩვენს საარჩევნო პროგრამაში კონკრეტულად იქნება გაწერილი, რა ნაბიჯებია გადასადგმელი წარმატების მისაღწევად
ჩვენს საარჩევნო პროგრამაში კონკრეტულად იქნება გაწერილი, რა ნაბიჯებია გადასადგმელი წარმატების მისაღწევად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის პრეზენტაცია დღეს იგეგმება.
კალაძის თქმით, მთავარ გამოწვევად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა რჩება.
„დღეს სრული სიის წარდგენაა და პარალელურად, ვაანონსებთ ჩვენს საარჩევნო პროგრამას, რომელსაც მომდევნო დღეების განმავლობაში უკვე დარგების მიხედვით ჩავშლით, ვისაუბრებთ გასაკეთებელ საქმეებზე, გამოწვევებზე, რაზეც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა ვიმუშაოთ.
პირდაპირ ვიტყვი, ყველაზე დიდი გამოწვევაა ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია, ასევე, არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მით უმეტეს პანდემია ვახსენე, რამაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ამ მიმართული ძალიან ბევრი იქნება სამუშაო. შესაბამისად, ჩვენს საარჩევნო პროგრამაში დარგების და მიმართულებების მიხედვით იქნება კონკრეტულად გაწერილი სამოქმედო გეგმა, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი წარმატების მისაღწევად“, – განაცხადა კახა კალაძემ.