კახა კალაძე - ჩვენმა გუნდმა რაც შექმნა მთავარი, ეს არის საფუძველი, პლაცდარმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების თანმიმდევრულად განხორციელებისთვის
მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, პანდემიისა, ჩვენ მუხლჩაუხრელად ვიმუშავეთ, ბევრი ვალდებულება შევასრულეთ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევქმენით წინაპირობა – საკანონმდებლო ინიციატივებით, გენერალური გეგმის მიღებით, წამოწყებული რეფორმებით, რათა თბილისზე თავდადებულმა და მზრუნველმა ნებისმიერმა გუნდმა წარმატებით და დედაქალაქისთვის სასიკეთოდ განაგრძოს მუშაობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის ურბანული პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
„ჩვენ თბილისის მოსახლეობამ აგვირჩია ოთხი წლით და წელს ეს ვადა იწურება. შესაბამისად, მე, როგორც არჩეული მერი, ვალდებული ვარ, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია იმ პროექტებთან და იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც გაკეთდა ამ ოთხი წლის განმავლობაში.
თბილისი გამორჩეული ქალაქია თავისი ლანდშაფტით, კულტურით, ისტორიითა და მრავალფეროვნებით. ამ ქალაქში ერთად ვცხოვრობთ სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა აღმსარებლობის, საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ღირებულება, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ გვაქვს ერთი, რაც ყველას გვაერთიანებს. ეს არის ჩვენი ქალაქის სიყვარული და სურვილი, რომ თბილისი იყოს უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ და ვიდრე არის დღეს. ეს არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს განსხვავებების მიუხედავად. მე, ჩემს გუნდთან ერთად, უკანასკნელი წლების მანძილზე ყველაფერს ვაკეთებდი და გავაკეთებ, რათა ჩვენი, სიცოცხლით სავსე ქალაქი კიდევ უფრო მეტად გავალამაზოთ, განვავითაროთ და დავამშვენოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ოთხი წლის განმავლობაში, მან და მისმა გუნდმა თვითმმართველობის არჩევნებზე წარმოდგენილი შვიდი ძირითადი პოლიტიკის განხორციელების მხრივ დიდი ძალისხმევა გასწია კონკრეტული შედეგებიც დადო.
„პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. გარკვეული მიმართულებით გვაქვს არსებითი წინსვლა, თუმცა, რა თქმა უნდა, გვრჩება გამოწვევები, რომლებსაც ერთად აუცილებლად დავძლევთ. დამეთანხმებით, რომ თბილისი აღარ არის ისეთი, როგორიც ოთხი წლის წინ იყო და ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული შვიდი ძირითადი პოლიტიკის შედეგები ქალაქზე დადებითად აისახა. ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, ხედავს და სწორად აფასებს თბილისის მოსახლეობა, რომელსაც მივეცით დაპირებები. პირველად, რა თქმა უნდა, წარმოგიდგენთ შვიდი პოლიტიკიდან ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულების, ქალაქის ურბანული განვითარების შესახებ ანგარიშს. ურბანული მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ და აქ არიან ადამიანები, რომელთა ძალისხმევით, მხარდაჭერით, თანადგომით, ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ ურბანული მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, წლების განმავლობაში, ურბანული თვალსაზრისით არასწორად ვითარდებოდა ქალაქი, მაგრამ მისმა გუნდმა, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, მრავალი ინიციატივა წამოიწყო.
„ურბანული პოლიტიკის მიმართულებით, თბილისი არის ბევრად უფრო მოწესრიგებული, ბევრად უფრო კომფორტული და გამწვანებული ქალაქი. რაც მთავარია, ქალაქს აღებული აქვს სწორად განვითარების გეზი და აღარასდროს დავუბრუნდებით წარსულში არსებულ პრაქტიკას, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა ქაოტურად, თბილისისა და თბილისელების ინტერესების წინააღმდეგ, რაც დამაზიანებელი იყო ყველასთვის.
რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობს, რაც 20-30 წლის განმავლობაში დაგროვდა, თუმცა, მთავარია მონდომება, თქვენი მხარდაჭერა, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობთ და ამ ერთიანობით ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, პანდემიის და სხვა გამოწვევების მიუხედავად, გუნდმა შეძლო შეექმნა ქალაქის განვითარების წინაპირობა.
„მიმაჩნია, რომ ჩვენმა გუნდმა რაც შექმნა მთავარი, ეს არის საფუძველი, პლაცდარმი ყველა იმ რეფორმის თანმიმდევრულად განხორციელებისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რაც აუცილებელია ევროპული თანამედროვე დედაქალაქის სწორად ფუნქციონირებისთვის, მოქალაქეების უსაფრთხო ცხოვრებისთვის.
მომავალში ამ რეფორმების გაგრძელებით, დარწმუნებული ვარ, თბილისი იქნება გამართული ურბანული პოლიტიკის მატარებელი ქალაქი, თანამედროვე სატრანსპორტო დაქსელვით, მწვანე ზონებით, ეკოლოგიურად სუფთა და ჰარმონიული გარემოთი.
მინდა მჯეროდეს, რომ ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიები არ იმოქმედებს თბილისის განვითარებასა და წინსვლაზე, არ იმოქმედებს რეფორმებზე და ის საშინელი ქაოტური პროცესი, რაც გამოვიარეთ თითქმის 30 წლის განმავლობაში, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა და ის რეფორმები, რომლებიც დავიწყეთ, იქნება პერმანენტული და შეუფერხებლად განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერმა საზოგადოებისთვის წინასაარჩევნოდ წარმოდგენილი შვიდი პოლიტიკის შესრულების ანგარიშის წარდგენა დაიწყო. კახა კალაძემ პირველად, ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებების ანგარიში წარადგინა.