კახა კალაძე - ჩვენი ვალია, გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა და საშუალება, რათა მხარდაჭერა და თანადგომა გამოვუცხადოთ ვაჟა გაფრინდაშვილს
ჩემი, თქვენი და ყველას ვალია, გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა და საშუალება, რათა გამოვუცხადოთ თანადგომა და მხარდაჭერა ჩვენს მეგობარს, პროფესიონალ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც არის უკანონოდ დაკავებული საოკუპაციო რეჟიმის მიერ – აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწვდინოთ ხმა მის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომ როგორც ჟურნალისტი, ასევე ექიმი არის ხელშეუხებელი, რაც არ უნდა ცხელი წერტილი იყოს. ყველა სამსახური და შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს, რათა რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს ის. თავად ვაჟა ექიმს რაც შეეხება, კარგად გრძნობს თავს. არანაირი პრობლემა არ აქვს, ფიზიკურად, ყველანაირად არის ნორმალურად, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ის რაც შეიძლება დროულად გათავისუფლდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.