კახა კალაძე - ჩვენი ქვეყნის დასანქცირების არანაირი მიზეზი არ არსებობს, ეს არის ჩვეულებრივი მუქარა, ვერანაირი არგუმენტაცია ვერ მოვისმინე, რატომ არის გამჭვირვალობის კანონპროექტი პრობლემა
ჩვენი ქვეყნის დასანქცირების არანაირი მიზეზი არ არსებობს, ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, მუქარა. რა აქვს ამ კანონს პრობლემა, რას უშლის ხელს გამჭვირვალობა, ვერანაირი განმარტება ვერ მოვისმინე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, გარკვეულ პირებს არ სურთ, რომ საზოგადოებამ მათი საქმიანობის შესახებ სიმართლე იცოდეს.
„ერთადერთი, რასაც ვისმენ, არის შეფასება, რომ რუსულია, ვერანაირი არგუმენტაცია ვერ მოვისმინე, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი პრობლემა. მათ არ სურთ აღნიშნული კანონის მიღება, რადგან გამჭვირვალობა არ არის მისაღები მათთვის. ის, რასაც კონკრეტული ევროპარლამენტარები გვეუბნებიან, ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გვესაუბრებიან, მათ ინტერესში შედის, რომ ეს ყველაფერი იყოსდ ამალული, რადგან ის დონორები, არასამთავრობოები აფინანსებენ რევოლუციას, პოლარიზაციის გაღრმავებას. ერთი მხრივ, ხელისუფლებას მოგვიწოდებენ, რომ ჩვენ უნდა შევამციროთ პოლარიზაცია, დავათბოთ ურთიერთობები და, მეორე მხრივ, აფინანსებენ არასამთავრობოებს, რომლებიც პირდაპირ გადასულები არიან შეურაცხყოფაზე, პოლარიზაციის გაღვივებაზე. თუ რაიმე სიბინძურე, ბოროტება არსებობს, რაიმე ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ამას აფინანსებენ. არ უნდათ, ეს გახდეს თვალსაჩინო და საჯარო ყველასთვის.
ცხადია, აღნიშნული კანონის არმიღება შედის დონორების ინტერესებში, რომლებიც შენიღბულები არიან, რომ ქვეყნის განვითარებას უწყობენ ხელს. რეალურად, აფინანსებენ ყველანაირ ბოროტებას, სიბინძურეს, თუ რაიმე შეიძლება, ადამიანმა მოიფიქროს – ქართველების ერთმანეთთან დაპირისპირებას, პოლარიზაციას. ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, ყველა გაერთიანება, რომელიც ჩემი ქვეყნის გაერთიანებას და სახელმწიფოებრიობას საფრთხეს შეუქმნის, მიუღებელია. გუშინ იყო 9 აპრილი, მე არ მინდა, ერთი ბატონი მეორე ბატონით შეიცვალოს. არანაირი გაერთიანება არ მიღირს ჩემი ქვეყნის ინტერესების დასათმობად“, – განაცხადა კალაძემ.