კახა კალაძე - ჩვენი ქვეყანა საკუთარი ისტორიის, სახელმწიფოს, ეკლესიის პატივისმცემელი ადამიანების სამშობლოა და არა უსამშობლო ავანტიურისტების პოლიტიკური სარბიელი
2 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ყველას, რომ ქართველები თავისუფლებისმოყვარე, სამართლიანი და სწორი ღირებულებების მქონე ხალხი ვართ,- ამის შესახებ კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ 30 ოქტომბერს ქართველი ხალხი საბოლოოდ ეტყვის უარს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დესტრუქციით და ავანტიურითაა დაკავებული.
„9 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ქართველი ხალხის ერთობამ შეძლო ბოროტი, მახინჯი სისტემის დამარცხება. თავისუფლებისმოყვარე ქართულმა საზოგადოებამ უარი უთხრა ძალადობას, სისასტიკეს, ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვას და სიცრუეს. ეს არის მონაპოვარი, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. ჩვენ, 30 ოქტობერს საბოლოოდ უნდა დავასრულოთ ძალადობასა და ბოროტებაზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალის ამბიციები ამ ქვეყანაში, გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და ვაჩვენოთ როგორც ერთმანეთს, ისე მთელ მსოფლიოს, რომ ამ უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანაში ადამიანის ღირსებისა და რწმენის შეურაცხყოფის ადგილი არ არის და არ არსებობს.
სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ძალა, ჯერ კიდევ ახერხებს ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის შეცდომაში შეყვანას. მეტიც, ეს დესტრუქციული განწყობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ ანადგურებს იმ ადამიანებსაც, ვინც თავად წარმოადგენენ ამ პოლიტიკურ ძალას. ამიტომ, ჩვენ ეს ადამიანებიც უნდა დავიხსნათ ძალადობრივი იდეოლოგიის ტყვეობისგან, უნდა შევეცადოთ, ავუხილოთ თვალი და მოვაქციოთ სახელმწიფოსა და საკუთარი ხალხის პატივისცემისკენ. ამ არჩევნების მეორე ტურმა ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში ყველას უნდა დაანახოს, რომ ეს ქვეყანა ჩვენი – მშვიდობისმოყვარე, საკუთარი ქვეყნის მოყვარული, საკუთარი ისტორიის, სახელმწიფოსა და ეკლესიის პატივისმცემელი ადამიანების სამშობლოა და არა უსამშობლო ავანტიურისტების პოლიტიკური სარბიელი. სწორედ ამიტომ, 30 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და საბოლოო წერტილი დავუსვათ ბოროტებას, სიცრუესა და დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.