კახა კალაძე - ჩვენი მხრიდან 12-პუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით შესრულდება, ე.წ. მეგობრების მხრიდან კი დამოკიდებულება, თუ სააკაშვილს არ გაათავისუფლებთ, ვერ მიიღებთ სტატუსს, შეურაცხმყოფელია
ვხედავთ, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი გამუდმებით ცდილობს, მოიგონოს ახალ-ახალი საბაბი კანდიდატის სტატუსზე უარის სათქმელად, რაც ძალიან გულდასაწყვეტია, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
კალაძის თქმით, საქართველო ზედმიწევნით შეასრულებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც სტატუსის მისაღებად არის საჭირო.
„ჩვენ თუ ვსაუბრობთ მეგობრობაზე, პარტნიორობაზე, დარწმუნებული ვარ, ყველა თავმოყვარე ადამიანისთვის, ყველასთვის, ვისაც სამშობლო გვიყვარს, ქვეყანა გვიყვარს, ეს დამოკიდებულება და განცხადებები, მაგალითად, კანდიდატის სტატუსის მიღებას პირდაპირ რომ უკავშირებენ სააკაშვილის გათავისუფლებას, რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხმყოფელია. მაშინ რა აზრი ჰქონდა 12-პუნქტიანი გეგმის წარმოდგენას, რომელიც როგორც გზამკვლევი მოგვცეს, შეასრულეთ ეს გეგმა და მოგცემთ სტატუსსო. ჩვენი მხრიდან ეს გეგმა ზედმიწევნით იქნება შესრულებული. ამაში ოპოზიცია არ მონაწილეობს, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი მოწოდებები იყო, რომ ოპოზიცია უნდა იყოს ჩართული“, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილს ქვეყნის მომავალი არ აინტერესებს.
„მათ არ ანაღვლებთ ქვეყნის მომავალი, ევროინტეგრაცია, ეკონომიკური გაძლიერება, მშვიდობა, ვიცით ეს. მათთვის ამოცანაა, როგორმე ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება ყველანაირი გზით – გადატრიალებით, დაპირისპირებით, რევოლუციით და ა.შ. მაგრამ არავის არაფერი გამოუვა. ხელისუფლების შესაცვლელად არსებობს მხოლოდ ერთადერთი ცივილიზებული გზა – არჩევნები. ამით შეიძლება, შეიცვალოს მთავრობები საქართველოში და არა რევოლუციებით, გადატრიალებებით და ა.შ. ეს დამოკიდებულება ჩვენი ე.წ. მეგობრების მხრიდან, რომ თუ სააკაშვილს არ გაათავისუფლებთ, ვერ მიიღებთ სტატუსს, მაშინ რა აზრის აქვს ამ გეგმის შესრულებას? მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გეგმა იყოს შესრულებული“, – განაცხადა კალაძემ.