კახა კალაძე - ჩვენი მიზანია, ყველა სფეროში განვითარების გზით, ევროინტეგრაციისკენ სვლით შევქმნათ ამ ქვეყნის მომავალი
კახა კალაძე - ჩვენი მიზანია, ყველა სფეროში განვითარების გზით, ევროინტეგრაციისკენ სვლით შევქმნათ ამ ქვეყნის მომავალი

„ქართული ოცნების“ ლიდერები აჭარის რეგიონში პარტიულ კონფერენციებს მართავენ. პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე დღეს შუახევსა და ქედას სტუმრობდა.

კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ წევრებს სიტყვით მიმართა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გააცნო.

„აჭარის რეგიონში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, თუმცა, რასაკვირველია, რჩება პრობლემები და გამოწვევები. იმედი მაქვს, ერთიანი ძალისხმევით, საზოგადოების მხარდაჭერით შევძლებთ, უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური ზრდა. რაც შეეხება გამოწვევებს, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საზოგადოების პოლარიზება, რის მიღწევასაც ასე ცდილობს რადიკალური ოპოზიცია. სახეზეა მუდმივი მცდელობა, რომ ბულინგით, შეურაცხყოფით, იარლიყების მიკერებით შექმნან სურათი, თითქოს „ქართული ოცნება“ წარმოადგენს რუსულ ძალას. „ქართული ოცნება“ იყო, არის და იქნება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესების გამტარებელი ძალა და არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რაც ქვეყანას დააზარალებს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი – ყველა სფეროში განვითარების გზით, ევროინტეგრაციისკენ სვლით შევქმნათ ამ ქვეყნის მომავალი და ჩვენს შვილებს დავუტოვოთ ძლიერი საქართველო. ამას უნდა მივაღწიოთ ერთიანობით, ერთმანეთის მხარდაჭერით და გავამარჯვებინოთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.