კახა კალაძე - ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის წევრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, უარი ვთქვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე
თუ ვინმემ რაიმე წარმატებას მიაღწია ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, ეს არის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი რეფორმა განახორციელა და წარმატებას მიაღწია, ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსი მაინც არ მოგვანიჭეს, რაც იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება.
„დავიწყებ იმით, რომ საქართველოსთან მიმართებაში არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მაშინ, როდესაც სტატუსი არ მოგვანიჭეს და მისცეს უკრაინასა და მოლდოვას. რა თქმა უნდა, გამიხარდა ამ ორი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება, მაგრამ საქართველო ამას ნამდვილად იმსახურებდა. ამ სამი ქვეყნიდან თუ ვინმეს რაიმე წარმატებისთვის აქვს მიღწეული, ეს არის ჩვენი ქვეყანა. ეს პერიოდი უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს. ამის მიუხედავად, საქართველო და ქართველი ხალხი დაჩაგრეს. სტატუსის არ მოცემა სჭირდებოდათ პოლიტიკური მიზნებისთვის, რომ ქვეყანაში მოეხდინათ არეულობა, ხელისუფლების ცვლილება ყველანაირი მეთოდით და რომ მერე ხალხისთვის ეთქვათ, თქვენ კი კარგები ხართ, ევროპულ მომავალს იმსახურებთ, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო. სამწუხაროდ, მსგავს მესიჯებს დღესაც ვისმენთ, რაც ძალიან მძიმე და დამაზიანებელია.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ ვინმემ რაიმე წარმატებას მიაღწია ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, ეს არის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად. გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები – ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი მიზანი არის ევროპული ოჯახის წევრობა და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება.
„ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე სიარულს, რეფორმების განხორციელებას ვაგრძელებთ. ჩვენი მიზანი არის, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის წევრი, მივიღოთ სტატუსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.