კახა კალაძე - ჩვენი ხელისუფლების პირობებში მედიასაშუალებებს არანაირი პრობლემა არ ემუქრებათ, ჟურნალისტებს მუშაობაში ვერავინ შეზღუდავს
ჩვენი ხელისუფლების პირობებში არც ერთ მედიასაშუალებას, ჟურნალისტებს მუშაობაში ვერავინ შეზღუდავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე – მედიის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ კრიტიკული მედიასაშუალებების გაუქმება ქვეყანას ცუდ შედეგებს მოუტანს და რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე თბილისის მერს, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მედიას ქვეყანაში არავინ ერჩის და ჟურნალისტებს ვერავინ შეზღუდავს.
„მე საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას. ეს არის არასწორი მიდგომა და დამოკიდებულება. ჯერ ერთი, მედიას არავინ ერჩის ქვეყანაში, „რუსთავი 2“ არსებობს. „რუსთავი 2“ იყო, არის და იქნება ყოველთვის. ასევე, სხვა მედიასაშუალებებს არანაირი პრობლემა არ ემუქრებათ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში. თუ „ქართული ოცნება“ არ იქნება, მიჭირს საუბარი, რა იქნება, თუმცა ჩვენს პირობებში არც ერთ მედიასაშუალებას, არც ერთ სააგენტოს, ჟურნალისტებს მუშაობაში ვერავინ შეზღუდავს და არავინ შეუშლის ხელს რაც უნდა კრიტიკული იყოს ის“, – განაცხადა კახა კალაძემ.