კახა კალაძე - ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ხალხს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით საუბარი უხერხულია, მაშინ, როცა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას მთელი მსოფლიო და საქართველოც, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული.
კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „რას ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ სამხედრო ნეიტრალიტეტის აქტუალიზებით და ზოგადად, რას ნიშნავს თქვენთვის მათი მხრიდან მაგავსი განცხადებების გაკეთება“.
კალაძის თქმით, მსგავსი განცხადებები დამაზიანებელია და ხელს უშლის სიმშვიდეს, ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.
„ძალიან უხერხულია ამ თემაზე საუბარი მაშინ, როდესაც ომი მიმდინარეობს, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას მთელი მსოფლიო, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა. ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. ამგვარი ქმედებები, ამგვარი განცხადებები დამაზიანებელია და ხელს უშლის ქვეყნის სიმშვიდეს, მშვიდობას, სტაბილურ განვითარებას. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, როგორც ჩვენს ქვეყანას ესაჭიროება, როგორც ჩვენს ხალხს სჭირდება. შესაბამისად, ეს განცხადებები დამაზიანებელია, არ ჩავუღრმავდები რატომ და რის გამო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.