კახა კალაძე - ჩვენი ინიციატივით, ყველანაირი უკანონო მშენებლობა დღეს უკვე სისხლის სამართლებრივი დანაშაულია
უკანონო მშენებლობების თითოეული ფაქტი სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კომპანია „მოდუსის“ მიერ სავაჭრო ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, მედიასთან განაცხადა.
კალაძის თქმით, წლების განმავლობაში უნებართვო მშენებლობებთან საბრძოლველად შესაბამისი კანონი არ არსებობდა.
„კომპანია „მოდუსისთვის“ რეკრეაციულ ზონაში სავაჭრო ცენტრის მშენებლობის ნებართვა არავის მიუცია. მსგავსი ბევრი ფაქტი არსებობს, რაც გამოწვეულია იმით, რომ შესაბამისი კანონი არ არსებობდა. ძალიან დაბალი ჯარიმა იყო დაწესებული. კომპანიები თავისუფლად იხდიდნენ მას და განაგრძობდნენ მშენებლობებს. ჩვენ ამ პრობლემას დავუპირისპირდით. ჩვენი ინიციატივით, უკანონო მშენებლობები სისხლის სამართლებრივ დანაშაულად მიიჩნევა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ კომპანია „მოდუსმა“ კერძო ტერიტორიაზე უკანონოდ ააშენა კომერციული დანიშნულების შენობა. თბილისის მერიას აღნიშნული მშენებლობის ნებართვა არ გაუცია, შესაბამისად, რამდენჯერმე დაჯარიმდა ჯამში, 245 000 ლარის ოდენობით. მერიის ცნობით, უკანონო მშენებლობებზე მუნიციპალური ინსპექცია მყისიერად რეაგირებს კანონის ფარგლებში. მათივე თქმით, მეტიც, პრევენციის მიზნით, თბილისის მერის ინიციატივით, გასული წლის შემოდგომაზე პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებით შემოიღო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომა.