კახა კალაძე - ჩვენი გუნდისთვის არაფერი შეცვლილა, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, რომლის სურვილია ქვეყანაში არეულობა
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადებები იყო გაუგებარი, ბლეფი, რადგან გაყალბების დამადასტურებელი არავითარი დოკუმენტი არ არსებობს.
მისივე თქმით, აღნიშნული განცხადებები პარლამენტში არშესვლის საბაბი იყო.
„გადაწყვეტილებას რაც შეეხება, თქვენ იცით შეთანხმება, რომელიც შედგა, თუმცა ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენდით გაუგებარ განცხადებებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ეს იყო თითქოს პარლამენტში არშესვლის საბაბი, თუმცა ეს იყო ძალიან დიდი ბლეფი და დიდი ტყუილი, რადგან არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს ამასთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან არაერთხელ იყო შეთავაზებები, მომხდარიყო კონკრეტული უბნების გადათვლა, ასევე შექმნილიყო საგამოძიებო კომისია პარლამენტში, რომელიც ნახავდა ყველა უბანს, დაითვლიდა ხმებს, რადგან რეალურად მათაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს იყო დიდი ტყუილი, საბოლოოდ მოუწიათ თავიანთი სიტყვის შეცვლა“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებით „ქართული ოცნების“ გუნდისთვის არაფერი შეცვლილა.
„პირადად ჩვენი გუნდისთვის არაფერი შეცვლილა, „ნაციონალური მოძრაობა“, სამწუხაროდ, არის დესტრუქციული ძალა, რომლის სურვილია, ზოგადად, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა, დესტაბილიზაცია და ასე შემდეგ. გვახსოვს მათი ლიდერების მხრიდან გაკეთებული არაერთი განცხადება, არაერთი კონკრეტული ნაბიჯი ამ მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღო.
ამასთან, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განმარტებით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერენ.