კახა კალაძე - ჩვენი გუნდის კარი ყოველთვის ღია იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისი პროფესიონალიზმის გამოყენებაც შეიძლება ქვეყნის განვითარებაში
ჩვენ არასოდეს შეგვიჩერებია ახალი სახეების მიღება, გუშინ რატომ გააქტიურდა ეს საკითხი, არ ვიცი, გაუგებარია ჩემთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
„ვინ მოიგონა და გაავრცელა ეს ტყუილი, თითქოს რომელიღაც კერძო კომპანია არჩევდეს ადამიანებს პარტიისთვის? ცოტა ღიმილისმომგვრელია ეს ინფორმაცია ჩემთვის და მინდა გითხრათ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება. პარტიაში ყოველთვის მიმდინარეობდა ეს პროცესი, მიმდინარეობს ახლაც და უახლოეს მომავალში იხილავს ამას საზოგადოება”, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, პარტიაში ყოველთვის ხდება განახლება და ახალი სახეების მიღება.
„პარტიაში ყოველთვის ხდება განახლება, ყოველთვის ხდება ახალი სახეების შემოსვლა და მე, როგორც პარტიის გენერალური მდივანი, მივესალმები ყოველთვის პარტიაში ახალგაზრდების შემოსვლას, ახალი სისხლის შემოსვლას. ყოველთვის საჭიროა და ყველა განვითარებულ და ნორმალურ ქვეყანაში ასეა”, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების” კარგი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისი პროფესიონალიზმის გამოყენებაც შეიძლება ქვეყნის განვითარებაში.
„ეს პროცესი დიდი ხანია მიდის, გუშინ არ დაწყებულა. პირდაპირ გეტყვით, 2016 წლიდან ერთადერთი პოლიტიკური გუნდი არის „ქართული ოცნება”, რომელმაც რეალური განახლება მოახდინა და ახალი სახეები შემოიყვანა. ყველა ადამიანისთვის, ვინც გამოადგება ჩვენს სამშობლოს, ვინც არის პროფესიონალი და მათი პროფესიონალიზმის გამოყენება შეიძლება ქვეყნის განვითარებაში, წინსვლაში, ასეთი ადამიანებისთვის პარტიის და ჩვენი გუნდის კარი ყოველთვის ღია იქნება”, – განაცხადა კალაძემ.