კახა კალაძე - ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მინუსი იყო, რომ შესაბამისად ვერ მიგვქონდა ინფორმაცია მოსახლეობამდე
თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი მინუსი მოსახლეობასთან არასაკმარისი კომუნიკაცია იყო. ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა. კვლევაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საჯარო უწყებებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებულთა და ხელფასების ოდენობა გაიზარდა.
თბილისის მერი კონკრეტულად ანგარიშის და მასში ასახული მონაცემების შეფასებისგან თავს იკავებს, რადგან მისი თქმით, დასკვნა არ უნახავს და არ აქვს ინფორმაცია, რაზე დაყრდნობით არის მომზადებული.
„მე არ მინახავს დასკვნა, არც ის ვიცი, რაზე დაყრდნობით აქვთ გაკეთებული, რა ციფრებია მოცემული, ასე რომ, გამიჭირდება შეფასების გაკეთება.
ზოგადად, მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენი გუნდის, მთავრობის ერთ-ერთი მინუსი ასევე იყო ის, რომ ჩვენ შესაბამისად ვერ მიგვქონდა ინფორმაცია მოსახლეობამდე. არ იყო ისეთი კომუნიკაცია, რომ მიგვეწოდებინა გაკეთებულ პროექტებთან დაკავშირებით, განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია, ამის პრობლემა იდგა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2012-დან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებულთა ანაზღაურებამ 55 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 49 მილიონ 75 ათას ლარზე მეტი 2013-2017 წლებში დაიხარჯა.