კახა კალაძე - ჩვენ ყველას მაქსიმალურად დავეხმარებით, ხელს შევუწყობთ, რომ ბინებისა და საკუთარი ფართების გარეშე არ დავტოვოთ
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დეველოპერებისთვის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე დეველოპერული, სამშენებლო მიმართულების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ამავდროულად, მერმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკის გახსნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, მაქსიმალური სიფრთხილე და ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება.
„ჩვენი დღეს აქ შეკრების მიზეზი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიზანი ყველამ ძალიან კრგად ვიცით, პრემიერმა ისაუბრა ვრცლად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დეველოპერული, სამშენებლო მიმართულების ხელშეწყობა. ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ, არა მხოლოდ ჩვენ, ზოგადად მთელი მაოფლიო ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავიწყეთ უკვე ეტაპობროვად მთელი რიგი მიმართულებების გახსნა, მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას და ვთხოვო, რომ მაქსიმალურად სიფრთხილე გამოვიჩინოთ და გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია და მოთხოვნა, რაც მოდის დარგის სპეციალისტების მხრიდან. არ უნდა გავუთამამდეთ ჩვენ არსებულ მდგომარეობას, რადგან საფრთხე მაინც არსებობს იმისა, რომ ვითარება კიდევ გართულდეს და დაიძაბოს.
ჩვენ რამდენჯერმე, ბატონი პრემიერის ხელმძღვანელობით სხვადასხვა დარგებს, მიმართულებებს წარვუდგინეთ დახმარებების გეგმა. დღეს წარმოდგენილი იქნება სამშენებლო დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის გეგმა, რაც მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში, ქალაქის ეკონომიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია სამშენებლო და დეველოპერულ მიმართულებას. შესაბამისად, მხარდაჭერა და თანადგომა ჩვენი მხრიდან, რომელიც დღეს იქნება წარმოდგენილი, ვფიქრობ, ერთობ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თქვენ არ შეგექმნათ პრობლემები“, – განაცხადა კალაძემ.
მერის განმარტებით, ყველას კარგად ახსოვს, 2008 წლის შემდეგ, თუ რამხელა დარტყმა მიიღო ამ მიმართულებამ.
„თქვენ ხართ ის დარგი, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს დასაქმებული და ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ადამიანების დასაქმება“,- განაცხადა კახა კალაძემ.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა დაუმთავრებელი შენობების ხელშეწყობის პროგრამაზე.
„ჩვენ ერთად შევიმუშავეთ მთელი რიგი მიმართულებები, სადაც გამარტივდება მოთხოვნები და ეს იქნება განსაკუთრებული ქეისები. დაახლოებით 180 შენობა-ნაგებობაა დაუმთავრებელი ქალაქში, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც ვიზუალურად, ასევე ადამიანები, რომლებსაც თანხები აქვთ გადახდილი, უკვე წლების განმავლობაში ელოდებიან საკუთარ ბინებს და ვერანაირად ვერ ახერხებენ მიღებას. ასეთი იყო მაგალითად, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები, რომლებსაც ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ და იქ უკვე მშენებლობა მიმდინარეობს, ძალიან მალე ეს ოჯახები მიიღებენ საკუთარ საცხოვრებელ ფართებს. იგივე არის „ოლიმპიური ვარსკვლავი“, იგივე არის „ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებული, გაუბედურებული ოჯახები. ჩვენ ყველას მაქსიმალურად დავეხმარებით, ხელს შევუწყობთ და ზუსტად დღევანდელი პრეზენტაცია, რომელსაც ბექა წარმოგვიდგენს, არის მომართული იმისკენ, რომ ამ ოჯახებს, ამ ადამიანებს ხელი შევუწყოთ, არ დავტოვოთ ბინებისა და საკუთარი ფართების გარეშე“,- განაცხადა კალაძემ.