კახა კალაძე - ჩვენ, ყველას ერთად მხრებზე გვაწევს პასუხისმგებლობა, ჩვენი სამშობლო სამშვიდობოს გავიყვანოთ, ვიყოთ კიდევ უფრო ძლიერი, ერთიანი და განვითარებული
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმ სამშვიდობო კურსის შენარჩუნებაა, რაც მმართველ გუნდს აქვს.
ამის შესახებ კახა კალაძემ ოზურგეთში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე ისაუბრა.
„მშვიდობიანობის ჟამს ბევრს ამ ღირებულების ფასი შეიძლება ნაკლებად გვესმოდა, მაგრამ მრავალჭირნახულმა გურულმა ხალხმა ზუსტად იცოდა, რომ მშვიდობა განსაკუთრებული ღირებულებაა. დღეს იმ დიდ გეოპოლიტიკურ ქარტეხილში, რომლის შუაგულშიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა, ამ ღირებულებამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ქართველებს ომისაც არასდროს შეგვშინებია და სადაც საომარი იყო, ყოველთვის თავს ვწირავდით სამშობლოსთვის, მაგრამ ნამდვილი ქართველი, ვისაც თავისი ქვეყანა უყვარს, არასდროს გაწირავს საკუთარ სამშობლოს ვიღაცის გეოპოლიტიკური ან საკუთარი ვიწრო ინტერესებისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ისტორიის მანძილზე, ყოველთვის, როდესაც ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა, საქართველოს მოსახლეობა ერთ მუშტად შეკრული აკეთებდა საერთო საქმეს.
„დღესაც ეს ჟამი დგას, მეგობრებო. ჩვენ, ყველას ერთად მხრებზე გვაწევს პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი სამშობლო სამშვიდობოს გავიყვანოთ, კიდევ უფრო ძლიერი, ერთიანი და განვითარებული. დარწმუნებული ვარ, როგორც ჩვენი წინაპრები, ისე ჩვენც შევძლებთ გაერთიანებას. ქუდზე კაცი გამოვა ამ არჩევნებზე მშვიდობის და ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად. დიახ, მოცემულ მომენტში არჩევანი ასეთია – ან ვიმარჯვებთ ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, იმარჯვებს ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი, ან, გულწრფელად გეტყვით, სხვა ან არ არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.