კახა კალაძე - ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს პრობლემას მოუგვარებს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის ამჟამინდელი მთავრობა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ადამიანებს პრობლემას მოუგვარებს, – ამის შესახებ კალაძემ ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას, მოქალაქის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ძალიან ბევრი მოქალაქე გვყავს. სამწუხაროდ, 3000-ზე მეტი ოჯახია ასეთი. რამდენიმე ათეული წელია, ეს ადამიანები სახელმწიფოსგან ელოდებიან საცხოვრებელ ფართებს, თუმცა მათი დაკმაყოფილება ვერაფრით მოხერხდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს და ამ ადამიანებს მისცემს საშუალებას, ჰქონდეთ საკუთარი საცხოვრებელი ფართები. ჩვენ უკვე კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული ამ მიმართულებით და ძალიან მიხარია, რომ ამდენ ოჯახს გავაბედნიერებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამ საკითხის დეტალები, ასევე კრიტერიუმები, რომლითაც პირველივე ეტაპზე დასაკმაყოფილებელი დაზარალებული მოქალაქეები შეირჩევა, ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განმარტა.
„აქამდე არსებობდა ასეთი პრაქტიკა: ხდებოდა ზეპირი მოლაპარაკება გარკვეულ პირთა წრესთან, თუ რამდენი ოჯახი დაკმაყოფილდებოდა და შემდეგ მათთვის ამ მიწის ნაკვეთების გადაცემა. მერე ეს ადამიანები ეძებდნენ მშენებელს, რომელიც ან არ მოდიოდა, ან უკვე მოსული უკან მიდიოდა. გვაქვს მაგალითები, როცა ორი წლის წინ გადაცემულ მიწებზე მშენებლობა დღემდე არ არის დაწყებული, მეტიც, მშენებელი არ ჰყავთ.
ჩვენ გავაკეთეთ პროცესების მართვის ცოტა განსხვავებული მოდელი, წავედით ინტერესთა გამოხატვის გზით. ინტერესთა გამოხატვაზე გამოგვაქვს კონკრეტული მიწის ნაკვეთი და ვეკითხებით ინვესტორებს, დეველოპერებს, ვინ უფრო მეტ დაზარალებულს დაგვიკმაყოფილებს. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამ პროცესში არსებობს კონკურენცია, ბიჯები იზრდება, უფრო და უფრო მეტ წინადადებას დებენ დეველოპერები და მშენებლები, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტი ოპტიმალურად იყენებს მის საკუთრებაში არსებულ აქტივს დაზარალებულებისთვის. ამ პროცესის შესაბამისად, ჩვენ უკვე გაცემული გვაქვს 300-ზე მეტი ოჯახის დასაკმაყოფილებლად საჭირო მიწის ნაკვეთები. დასრულებული ბინები, რაც მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ჰქონდა, პირდაპირ გადავეცით დაზარალებულებს, პრინციპი კი აქ სოციალური ქულები იყო. ჩვენ გვესმის, რომ ამ მხრივ გვაქვს ძალიან ბევრი ვალი, რომელსაც დაკმაყოფილება სჭირდება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მუნიციპალიტეტს არ აქვს შესაძლებლობა, ყველა ერთდროულად დააკმაყოფილოს, ჩვენ სოციალური ქულების მიხედვით დავიწყეთ დაკმაყოფილება”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ვიდეოდიალოგი თბილისის მერის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მიმდინარეობს. კახა კალაძე მოქალაქეთა შეკითხვებს თბილისის ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან და ჩუღურეთის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევისა და ისნის რაიონების გამგებლებთან ერთად პასუხობს.