კახა კალაძე - ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით ამ ძნელბედობის ჟამს, ვეხმარებით და დავეხმარებით მომავალშიც
ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით ამ ძნელბედობის ჟამს, ვეხმარებით და დავეხმარებით მომავალშიც, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველო იყო და არის უკრაინის მეგობარი და მხარდამჭერი ქვეყანა.
„საქართველო ყოველთვის იდგა, დგას და მომავალშიც იდგება უკრაინელი ხალხის გვერდით. ჩვენ პირველივე დღიდან ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ერთად და ყველა საერთაშორისო პლატფორმა იქნა გამოყენებული, რომ გამოგვეხატა მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისთვის. ეს დამოკიდებულება, მომავალშიც, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით ამ ძნელბედობის ჟამს. რაც შეეხება დახმარებას, ცენტრალური ხელისუფლება საქართველოში ჩარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს ყველანაირად ეხმარება, რასაც მივესალმებით. ასევე, ჰუმანიტარული ტვირთი იქნა გაგზავნილი უკრაინაში. ამაზე არ ვჩერდებით, დახმარება გაგრძელდება. მე, ჩემი მხრივ, პირადად კახა კალაძე, ჩემს მეგობრებთან ერთად, მზად ვარ გვერდში დავუდგე უკრაინელს ხალხს. გუშინ მთავრობის სხდომაზე ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ადამიანი მეხმაურება და ვაპირებთ, რომ გავხსნათ ანგარიში რაღა ფინანსური დახმარება გავუწიოთ უკრაინელ ხალხს. ამასთან დაკავშირებით ძალიან მალე გავაკეთებთ განცხადებას, თუ სად შეეძლებათ თანხის გადმორიცხვა ჩვენს მეგობრებს, რომ შემდეგ ეს თანხა მოხმარდეს უკრაინელ ხალხს ამ ძნელბედობის ჟამს. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.