კახა კალაძე - ჩვენ ვართ ქალაქის ის მთავრობა, რომელიც არ დაუშვებს რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე კორპუსების აშენებას
ჩვენ ვართ ქალაქის ის მთავრობა, რომელიც არ დაუშვებს რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე კორპუსების აშენებას, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განახლებული „მზიურის“ გახსნის ცერემონიის პარალელურად მოძრაობა „გაბედეს“ მიერ ჩატარებული აქციის კომენტირებისას. მოძრაობის აქტივისტები აცხადებდნენ, რომ კალაძესთან შეკითხვები ქალაქში ეკოლოგიურ ვითარებასა და მშენებლობებთან დაკავშირებით ჰქონდათ.
„ჩემი პასუხი არის მარტივი – უკანონო მშენებლობები ამ ქალაქში სამწუხაროდ იყო და ეს იყო ზუსტად წინა ხელისუფლების პერიოდში, ვისი წარმომადგენლებიც გახლავთ ეს ადამიანები, ვინც დღეს რაღაცას მოგონილად აპროტესტებს. თუმცა, მე ნამდვილად ბედნიერი ვარ და მეამაყება, რომ დღეს ქალაქის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ განმეორდეს ისეთი განაშენიანება, როგორიც მაგალითად, იყო სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც არის კონკრეტული იმ უბნის გენოციდი და სრული კატასტროფა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ.
სხვათა შორის, ესეც საინტერესოა, სადაც დღეს ვიმყოფებით, „მზიურის“ პარკში, ეს უნდა ყოფილიყო გაცილებით დიდი ტერიტორია, თუმცა წინა ხელისუფლება თბილისს სხვა გადმოსახედიდან როცა უყურებდა, გაასხვისა მიწის გარკვეული ტერიტორიები. დღეს ეს ტერიტორია უნდა ყოფილიყო გაცილებით დიდი და „მზიური“ იქნებოდა გაცილებით დიდი. თუმცა დღეს დიდი ნაწილი ამ ტერიტორიის არის კერძო საკუთრება და ეს ყველაფერი საუბედუროდ ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ იმას, რომ ჩვენ ვართ ქალაქის ის მთავრობა, რომელიც რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე, სპორტული მოედნების ხარჯზე არ დაუშვებს კორპუსების აშენებას. კორპუსები უნდა აშენდეს, ქალაქი უნდა განვითარდეს, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდება ურბანულად სწორად დაგეგმვის პირობებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.