კახა კალაძე - ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც ატარებს ქართულ პოლიტიკას, ყველაზე მთავარი, რაც გვამოძრავებს, არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა
ჩემთვის გაუგებარი და უსაფუძვლო იყო ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ კრიტიკა, პრემიერი ყველა საერთაშორისო პლატფორმას იყენებს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს გატარებული, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი სათანადოდ იყოს წარმოდგენილი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, 2008 წლის უბედურება ქვეყანას თავს არ დაატყდებოდა“.
„ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს სიმართლის თქმა. შეიძლება, ეს ბევრს არ სიამოვნებს, გულზე ხვდება. ზოგადად, სიმართლე მწარეა, თუმცა არ უნდა მოვერიდოთ არც ჩვენს პარტნიორებს, არც ჩვენს მეგობრებს. პირიქით, მათთან უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე. ჩვენ ეს თავის დროზე რომ დაგვეწყო, დღეს განსხსხვავებულ რეალობაში იქნებოდა ცხოვრება და შეიძლება, ის უბედურება არ ყოფილიყო, რაც უკრაინაში ხდება. „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, 2008 წლის უბედურება ქვეყანას თავს არ დაატყდებოდა. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს და „ქართულ ოცნებას“, ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც ატარებს ქართულ პოლიტიკას. ამ ქვეყნის ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას და, რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი, რაც გვამოძრავებს, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. დაბრუნება იმ ტერიტორიების და ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან თანაცხოვრება“, – განაცხადა კალაძემ.