კახა კალაძე - ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავს, გვყავს კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც ჩადენილი აქვთ დანაშაულებები და აქვთ პოლიტიკური სტატუსი
ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავს, გვყავს კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც ჩადენილი აქვთ კონკრეტული დანაშაულებები და აქვთ პოლიტიკური სტატუსი. პოლიტიკოსის სტატუსი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება შემაფერხებელი, რომ დადგეს განაჩენი, – ამის შესახებ თბილის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის კომპეტენცია არ არის პატიმრების ციხიდან გათავისუფლება.
„8 მარტის შეთანხმება რაც იყო, საზოგადოებამ იხილა. იქ საერთოდ პოლიტპატიმრები ნახსენები არ არის და ვერც იქნებოდა. ჩვენ არ გვაქვს იმის კომპეტენცია, რომ პატიმრები გავათავისუფლოთ ციხიდან, ამას მთავრობა ვერ გააკეთებს. თუ ეს გადაწყვეტილება ზოგადად მიღებული იქნება, ამას იღებს პრეზიდენტი. შესაბამისად, ჩვენ ამ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდით. რა პასუხისმგებლობაც გვაქვს აღებული, ეს არის მოცემული ამ შეთანხმებაში და ჩვენს აღებულ პასუხისმგებლობას აუცილებლად შევასრულებთ პირნათლად. ეს არის საარჩევნო სისტემის ცვლილება.
ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავს. გვყავს კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც ჩადენილი აქვთ კონკრეტული დანაშაულებები და აქვთ პოლიტიკური სტატუსი. პოლიტიკოსის სტატუსი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება შემაფერხებელი, რომ დადგეს განაჩენი იმ საქმეებზე, რაც არის ამ კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პოლიტპატიმრები 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის.
„არ წერია არანაირი შეთანხმება ამასთან დაკავშირებით, ეს არსად არ წერია. თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ, თუნდაც ჩვენი თანაგუნდელების განცხადებები – რა განცხადებები კეთდებოდა ამ შეთანხმებამდე, შეთანხმების შემდეგ და ასევე, მოისმინეთ ოპოზიციის განცხადებები, რომ ეს პოლიტპატიმრების თემა არ უნდა ყოფილიყო საარჩევნო სისტემის შეთანხმების ნაწილი. ეს განცხადებები არსებობს. პოზიციების დაახლოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი საარჩევნო სისტემის ცვლილება, რაზეც ჩვენ ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას“, – განაცხადა კალაძემ.