კახა კალაძე - ჩვენ ხომ ვიცით, იმიტომ არ გვანიჭებენ სტატუსს, რომ სანქციებში და ომში არ ჩავერთეთ, თან გვეუბნებიან, გეოპოლიტიკური მდგომარეობა არ გვიწყობს ხელს
კახა კალაძე - ჩვენ ხომ ვიცით, იმიტომ არ გვანიჭებენ სტატუსს, რომ სანქციებში და ომში არ ჩავერთეთ, თან გვეუბნებიან, გეოპოლიტიკური მდგომარეობა არ გვიწყობს ხელს

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა, რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის გზაზე.

მისი თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსს იმსახურებდა, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„საქართველოს უნდა მიეღო კანდიდატობის სტატუსი. მე გისვამთ კითხვას თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს – საქართველო იმსახურებდა კანდიდატობის სტატუსს? ის რეფორმები, რაც ბოლო წლების განმავლობაში გავატარეთ, იყო წარმატებული. ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება – ეს ყველაფერი გააკეთა მმართველმა გუნდმა, პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო “, საზოგადოებასთან ერთად. ჩვენ მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს, რომ კანდიდატობის სტატუსი მივიღოთ. ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, იმსახურებდა კანდიდატობის სტატუსს, მაგრამ დაისაჯა. სამ ქვეყანას შორის წარმატებული იყო ყველა ასპექტში, ყველა რეფორმით, თუმცა გვითხრეს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უკრაინას ვაძლევთ სტატუსს, რადგან ის ახლა ომშია ჩართული. ჩვენ ხომ ვიცით იმიტომ არ გვანიჭებენ სტატუსს, რომ სანქციებში და ომში არ ჩავერთეთ. თან გვეუბნებიან, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობა არ გვიწყობს ხელს. 30 წელია ვიბრძვით, რათა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ და ახლა გაიგეს როგორი გეოპოლიტიკური მდგომარეობაა საქართველოში?“, – განაცხადა თბილისის მერმა.