კახა კალაძე - ჩვენ ეს ქალაქი გვიყვარს, ვიცით, რასაც ვაკეთებთ და ვიცით, რა გვინდა
მერიის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც თბილისისთვის სიკეთეს სურს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელსაც მდინარე ვარაზისხევის ახალი კოლექტორისა და კალაპოტში სამშენებლო ნარჩენების ჩაყრის შესახებ არასამთავრობოების განცხადებებთან დაკავშირებით ჰკითხეს. არასამთავრობოების ნაწილის განცხადებით, ნარჩენების მდინარე ვარაზისხევის კალაპოტში ჩაყრა და ხეობაში მშენებლობები საფრთხეს უქმნის ჟვანიასა და კეკელიძის ქუჩის მცხოვრებლებს. ძლიერი წვიმის დროს დაგუბებული წყალი შესაძლოა, ერთდროულად გადმოვიდეს და სტიქია განმეორდეს.
კახა კალაძის განცხადებით, ადგილზე მოწყობილია კოლექტორი, რომელზეც რეკომენდაცია გაცემული იყო, რათა მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნას.
კალაძის თქმით, არასწორი ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელება კატეგორიულად მიუღებელია. მერს მაგალითად ჰიდროელექტორსადგურების მშენებლობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წინააღმდეგობა მოჰყავს.
„როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ზოგიერთი არასამთავრობო ეწინააღმდეგებოდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას. როცა სასაუბროდ ვსხდებოდით და კონკრეტულ ზიანზე ვეკითხებოდით, არანაირი არგუმენტი არ ჰქონდათ, თუ რატომ არ უნდა აშენებულიყო ჰესი. ახლა ვიღაცამ გრანტი მიიღოს, ამით ქვეყანა დააზარალოს და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელი შეუშალოს არ შეიძლება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული ინფორმაცია და არგუმენტი აქვს, მერიის კარი ყველასთვის ღიაა.
„თუ აქვთ რამე კონკრეტიკა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მერიის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სიკეთე უნდა ამ ქალაქისთვის, ვისაც სურს, ჩვენი ქვეყანა იყოს წარმატებული. მზად ვართ, დავსხდეთ და განვიხილოთ. პირველი ჩვენ ვიქნებით, ვინც ხმას ამოიღებს და შეაჩერებს მშენებლობას, როგორც მაგალითად კუს ტბის შემთხვევაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, თბილისს ჰყავს პასუხისმგებლიანი მთავრობა, რომელიც გადაწყვეტილებებს ქალაქის ინტერესების შესაბამისად იღებს.
„ჩვენ ეს ქალაქი გვიყვარს, ვიცით, რასაც ვაკეთებთ და ვიცით, რა გვინდა. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა, ჩვენს გადაწყვეტილებებზე ვართ პასუხისმგებელი. არასამთავრობოები, მოსახლეობა თუ დაგვეხმარება, რა თქმა უნდა, მხოლოდ მადლობელი ვიქნებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ქალაქის განვითარებაში არამხოლოდ მთავრობა, არამედ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე უნდა იყოს ჩართული.