დღესაც ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, როდესაც უნდა გადავრჩეთ და უნდა გადავრჩეთ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერად, იმ ღირებულებებით, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და გავაგრძელოთ მშვიდობიანი განვითარება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ზუგდიდში, პარტიის საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, წლების წინ ქვეყანაში ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის ღირსება.
„მოგესალმებით, მეგობრებო, მიხარია ამდენ გულანთებულ ადამიანს რომ ვხედავ. მივესალმები მესტიას, ფოთს, აბაშას, სენაკს, ხობს, მარტვილს, ჩხოროწყუს, წალენჯიხას, მივესალმები ჩვენს ძვირფას ზუგდიდს და ზუგდიდელებს. სამეგრელო-ზემო სვანეთში, ამ უძველესი ისტორიის მქონე მხარეში, ნათლად იგრძნობა, რამხელა კულტურის მატარებელია საქართველო, რა სიმდიდრე აქვს მას თავისი ისტორიით, ტრადიციებით და ადათ-წესებით, რითიც ამაყობს თითოეული ღირსეული ქართველი. მეგობრებო, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და არც ის არის შემთხვევითი, რომ ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძური, ღვთისმშობლის კვართი სწორედ აქ, ზუგდიდშია დაცული, როგორც უფლისადმი საქართველოს მარადიული სიყვარულის და ერთგულების სიმბოლო. ამ მხარეს მთელი თავისი ისტორიის მანძილზე უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნდა, რის გამოც მტრის არაერთი შემოსევის ობიექტი გამხდარა. აქ, ამ მიწაზე ლეგენდა და რეალობა ერთმანეთშია გადაჯაჭვული.
ერთი, რაც ზუსტად ვიცით, ასწლეულებია, გვებრძვის ხილული თუ უხილავი მტერი და საქართველო უფლის რწმენით, სიბრძნით, გაუტეხელობით, სიცოცხლის ჟინით განაგრძობს არსებობას და განვითარებას. მეგობრებო, დღესაც ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, როდესაც უნდა გადავრჩეთ და უნდა გადავრჩეთ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერად, იმ ღირებულებებით, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და გავაგრძელოთ მშვიდობიანი განვითარება. ჩვენ, ყველას გვახსოვს, წლების წინ რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში, ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის ღირსება. გვახსოვს, როგორ უსწორდებოდნენ განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებს; გვახსოვს, რა ხდებოდა ბიზნესმენების მიმართ, როგორ არეკეტებდნენ, ართმევდნენ ქონებას. გვახსოვს ქუჩაში დახვრეტილი ახალგაზრდები; გვახსოვს, რა ხდებოდა ციხეებში და ჩვენ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გაძლევთ პირობას, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში. მხოლოდ და მხოლოდ წინ, გამარჯვებებით, მშვიდობით ვიცხოვრებთ დემოკრატიულ, განვითარებულ, თავისუფალ საქართველოში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, საქართველოს არ სჭირდება ბატონები, არამედ სჭირდება პარტნიორები.
„რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეს რეზოლუცია, სადაც ღიად საუბრობენ იმაზაე, რასაც ადრე კულისებში გვეუბნებოდნენ და ხელების გადაგრეხით გვაშანტაჟებდნენ. თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ არ უთქვამთ აღნიშნულ რეზოლუციაში, გაბედეს მხოლოდ სანქციებზე საუბარი. გვახსოვს მოწოდებები, რასაც აჟღერებდნენ მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, სანქციებზე მიერთებასთან დაკავშირებით. ჩვენ რომ მაშინ შეცდომა დაგვეშვა და გადაგვედგა ნაბიჯი სანქციებზე მიერთებისკენ, ამით ვის დავაზარალებით? ისევ ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს, ეკონომიკას, მშრომელ ადამიანს. გვახსოვს, მეორე ფრონტთან დაკავშირებით როგორ გვეუბნებოდნენ, გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს ქვეყანაშიო, მაგრამ ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს. დღეს აქ მდგომ თითოეულ ადამიანს კარგად აქვს გაცნობიერებული, რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია ქვეყნის წინაშე. დღეს არ გვაქვს არჩევანი გარდა ერთისა – დავიცვათ მშვიდობა, დავიცვათ ღირსება, დავიცვათ ჩვენი ოჯახების კეთილდღეობა და მხოლოდ განვითარებით შევქმნათ საქართველოს ევროპული მომავალი. მეგობრებო, არცერთი ნაბიჯით უკან. დღეს არ გვაქვს უფლება, ენის მოჩლექით ვილაპარაკოთ, ყველას და ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, რადგან თვალხილულია საფრთხე, რის წინაშეც აღმოვჩნდით. დღეს უკვე ღიად გვეუბნებიან, თურმე „სამწუხაროა ქართველებისთვის, რომ ყველაზე საყვარელი საქართველოაო“; თურმე საქართველო არ უნდა იყოს მისი მოქალაქეებისთვის სამყაროს ცენტრი და მის ბედს არა მოსახლეობა, არამედ გარე ძალები უნდა განაგებდნენ. მე ერთი რამ მჯერა, ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია საქართველო, კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება. ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები, პარტნიორები. ასე ვხედავთ ამ ქვეყნის განვითარებას და მის მომავალს.
კარგა ხანია, ჩვენ მათ უსამშობლო ადამიანები დავარქვით, თუმცა მოღალატეებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანას ყიდიან, სირცხვილის გრძნობა ნამდილად არ გააჩნიათ. ერთი რამ ზუსტად იცოდეთ, საქართველოს ინტერესები არ გაიყიდება. საქართველოს და მისი მოსახლეობის ინტერესები იყო და არის „ქართული ოცნებისთვის“ უპირველესი ამოცანა და სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც გაშმაგებული გვებრძვიან გარე ძალები. მეგობრებო, 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება მშვიდობა და ომი, ტრადიციული ფასეულობები და თავს მოხვეული პროპაგანდა, სამშობლოს სიყვარული და უსამშობლობა. რასაკვირველია, ამ გადამწყვეტ ბრძოლაშიც გაიმარჯვებს საქართველო. გაიმარჯვებს ხალხის ნება, გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, 26 ჩვენი რიცხვია, გაუმარჯოს საქართველოს, ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი“, – განაცხადა კახა კალაძემ.