ჩვენ დავიწყეთ ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაცია და მინდა ვუთხრა იქ მცხოვრებ ადამიანებს, რომ 20 დღის განმავლობაში მთლიანად იქნება დასრულებული სამუშაოები, – ამის შესახებ ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იქნა ჩატარებული.
„მხედველობაში მაქვს სანიაღვრე სისტემის მოწყობა-მოწესრიგება, საკანალიზაციო სისტემა, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და პრობლემას ქმნიდა მოსახლეობისთვის. მოწესრიგებული იქნება გზის საფარი, ასევე დაემატება საპარკინგე ადგილები. შეუძლებელი იყო იქ მცხოვრებ ადამიანს მანქანა გაეჩერებინა, ქუჩაც ვიწროა, თუმცა გამოვნახეთ გარკვეული რესურსები, მოვაწესრიგეთ ასევე არსებული სადენები, რომლებიც ჩავა მიწის ქვეშ“,-განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, სწორედ ამ სამუშაოების გამო, ამირეჯიბის გზატკეცილიდან ტეხურის ქუჩამდე მონაკვეთი 10 დღის განმავლობაში ჩაიკეტება.
„კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობას მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის. ასეთი პროექტები ქალაქში წელს არა ერთი განხორციელდება და გპირდებით, რომ მომდევნო წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტი იქნება. თუ გვინდა, რომ წლების განმავლობაში აღარ შევეხოთ ამ ქუჩებს, ფუნდამენტურად უნდა მოხდეს იქ სამუშაოების შესრულება. ყველა პროექტზე გვაქვს ერთნაირი მიდგომა, რომ უნდა მოვაწესრიგოთ სანიაღვრეები, საკანალიზაციო სისტემა, წყლის სისტემა და ყველაფერი, რაც გასაკეთებელია, რადგან ისე არ დაგვემართოს, რომ ახალი გზა გადავაგოთ და შემდეგ რამოდენიმე კვირაში მოგვიწიოს გადათხრა დაზიანებების გამო“,-განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.