კახა კალაძე - ჩემთვის ქალაქის მერობა დიდი პასუხისმგებლობაა, არჩევნები შემოდგომაზეა, დაველოდოთ, ჯერ ბევრი გვაქვს სამუშაო
ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, როგორც მოგეხსენებათ, არჩევნები არის შემოდგომაზე და დაველოდოთ, ჯერ ბევრი გვაქვს სამუშაო, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს ამ გუნდს და ამ თვითმმართველობის არჩევნებზეც ყველაზე დიდი მხარდაჭერა ექნება.
„ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა, იყო დედაქალაქის მერი. ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული ეს პასუხისმგებლობა. ყველაფერს ვაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან და თანამშრომლებთან ერთად, რომ ღირსეულად გავართვა თავი. ოთხი წელი მთავრდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჯერ ადრე ამაზე საუბარი“,- განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდა გუშინ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას, კალაძემ აღნიშნა, ვერ ესწრებოდა, რადგან პრეზენტაციისთვის ემზადებოდა, ასევე, კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულთან და ტესტის პასუხს ელოდებოდა.