კახა კალაძე - ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო და არ იქნება სწორი, შევაფასო ოპონენტები ან მათი საარჩევნო კამპანია, ეს არ არის ჩემი საქმე
ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო და არ იქნება სწორი, შევაფასო ოპონენტები ან მათი საარჩევნო კამპანია, მე მაქვს ჩემი გეგმები და კონცეფცია, როგორ უნდა გალამაზდეს ქალაქი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძის თქმით, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ისაუბრებს ქალაქის მოწესრიგებაზე და არა ოპოზიციის შეფასებაზე.
„გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო და არ იქნება სწორი, ოპონენტების შეფასება დავიწყო ან მათი საარჩევნო კამპანიის. მე მაქვს ჩემი გზა, ხედვა, გეგმები, მაქვს ჩემი კონცეფცია, როგორ უნდა მოხდეს ქალაქის გალამაზება, განვითარება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. მთელი ჩემი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვისაუბრებ მხოლოდ ამ თემებზე და არა ოპოზიციის შეფასებაზე. მათი გადასაწყვეტია, მე ვერ დავიწყებ მარჩიელობას, ოპოზიცია რომელ კანდიდატს დააყენებს. ეს არ არის ჩემი საქმე, ჩემი საქმე არის, საზოგადოებას ვესაუბრო სამომავლო გეგმებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პირადად ის ყველაფერს გააკეთებს, რათა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თბილისში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს ღირსეულად უპასუხოს.
„ხედავთ, რომ უამრავ ადამიანთან გვაქვს შეხვედრა, კომუნიკაცია, ვახორციელებთ პროექტებს. ეს განწყობა და დამოკიდებულება მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ვიქნებით ის გუნდი, რომელსაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მოგვიწევს ქალაქზე ზრუნვა. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩემთვის. ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს იყო ქალაქის მერი და ოთხი წლის შემდეგ კიდევ უფრო კარგად ვიცი, რას ნიშნავს გამოცდილება და რამხელა პასუხისმგებლობაა ამ ქალაქის ხელმძღვანელობა. გულწრფელად გეუბნებით, ყველაფერს გავაკეთებ, 24-საათიანი მუშაობით, რომ იმ გამოწვევებს, პრობლემებს, რომელიც ამ ქალაქში წლებია, არსებობს, ღირსეულად ვუპასუხოთ, ისეთი მაგარი პროექტები განვახორციელოთ, რომ თბილისში მცხოვრებმა ნებისმიერმა ადამიანმა, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, იამაყოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, კითხვაზე, შეასრულებს თუ არა „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილ ერთ-ერთ პუნქტს, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხება, კალაძემ განაცხადა:
„ჩვენ რა ვალდებულებებიც გვაქვს აღებული, მას აუცილებლად შევასრულებთ და გავაკეთებთ, ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება იქნა გაკეთებული და რაზეც ვიღებთ პასუხისმგებლობას, შევასრულებთ“, – განაცხადა კალაძემ.