კახა კალაძე - ჩემს ოპონენტებს არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ მათ არ აქვთ კომპეტენცია, გენგეგმა არის პროფესიონალების განსახილველი საკითხი
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელსაც ქალაქის გრძელვადიანი განვითარება უნდა დაეფუძნოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც გენგეგმის დღევანდელ განხილვასთან და აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს უპასუხა.
მისი თქმით, დღეს იმართება გენგეგმის საჯარო განხილვა, რომელზეც მიწვეული არიან დარგის სპეციალისტები, ურბანისტები და ოპონენტები.
„დღეს გვაქვს ძალიან დიდი შეხვედრა, სადაც მოწვეული არიან დარგის სპეციალისტები, არასამთავრობოები, ურბანისტები, ასევე, ჩემი ოპონენტები, ვინც იყვნენ საარჩევნოდ. გვინდა საზოგადოებამ განიხილოს დოკუმენტი, რომელიც არის მერიაში წარმოდგენილი. ასევე, ამ დოკუმენტთან დაკავშირებით უნდა ვიმსჯელოთ. ვერ ვხვდები ოპოზიციის ბრალდებებს, რა შუაშია აქ ამ დოკუმენტის მიღება-არმიღების გაჭიანურება. ეს ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ეს არის დოკუმენტი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ქალაქის გრძელვადიანი განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება და დოკუმენტი უნდა იყოს კვალიფიციური, სწორი, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია.
„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ და ამიტომ ვგეგმავთ ამ შეხვედრებს, რათა დარგის ბევრი სპეციალისტი ჩაერთოს. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ვინც ჩემი ოპონენტები იყვნენ, მაგრამ ისინი საერთოდ ვერ ერკვევიან ამ საქმეში. ეს არის პროფესიონალების განსახილველი საკითხი. მნიშვნელოვანი მიმართულებებია ამ დოკუმენტში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისი თქმით, როდესაც გენგეგმის წარდგენასთან დაკავშირებით „სითი ინსტიტუტს“ 45-დღიანი ვადა მიეცა, მან მიმართა ყველა პოლიტიკურ პარტია და მერობის ყოფილ კანდიდატებს, რომ ჩართულიყვნენ პროცესში.
„კარი ყველასთვის ღია იყო, თუმცა მათ ჩართვა არ ისურვეს. მესმის რატომაც არ ისურვეს, იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ეს კომპეტენცია. თუმცა შეეძლოთ გამოეგზავნათ კომპეტენტური პირები. არ არის საუბარი იმაზე, თუ რა არის პრობლემა. გვინდა წარმოვადგინოთ ის პროექტი, რომელიც „სითი ინსტიტუტმა” შექმნა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ხვალ აღნიშნული პროექტის პარლამენტისთვის გაცნობა იგეგმება.
„ხვალ ვგეგმავთ, რომ ეს პროექტი გავაცნოთ პარლამენტს, გავაცნოთ საკრებულოს და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. ეს ვერ იქნება უსასრულო და შესაბამისად, უახლოეს დღეებში მერიის გადაწყვეტილებას გავაცნობთ საზოგადოებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის გენგეგმასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარეობს.