კახა კალაძე - ჩემი ქალაქის, თბილისელების მხრიდან გამოცხადებული ნდობა ის ფასეულობაა, რომელსაც აუცილებლად გავამართლებ, სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს
მოგესალმებით ჩვენი პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს, მივესალმები სრულიად საქართველოს, მოგესალმებით თითოეულ გულანთებულ ადამიანს, ვინც დღეს აქ, ჩვენი ქვეყნის მთავარ მოედანზე დგახართ, ყველას, ვინც საკუთარი ქვეყნის სიყვარულმა, მის მომავალზე ზრუნვამ მოგიყვანათ და ერთ მუშტად შეგვკრა საერთო მიზნის მისაღწევად, – ასე მიმართა დედაქალაქის მერმა კახა კალაძე, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ აქციის წევრებს.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დღეს თავისუფლების მოედანზე მთელი საქართველო, მისი ყველა კუთხის შვილები არიან შეკრებილი, ის ადამიანები, ვინც საქართველოს სიყვარულმა გააერთიანა სწორედ აქ, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში.
„ჩემთვის შეუძლებელია ემოციის გარეშე გამოსვლა აქ შეკრებილი უამრავი ღირსეული, პატრიოტი ადამიანის წინაშე. დღეს ისევ ვდგავართ ერთად, რათა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რა ღირებულებები, რა ფასეულობები გვამოძრავებს, როგორი ქვეყანა გვინდა ავაშენოთ. დღეს აქ მთელი საქართველო, მისი ყველა კუთხის შვილები ვართ შეკრებილი, ის ადამიანები, ვინც საქართველოს სიყვარულმა გაგვაერთიანა სწორედ აქ, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში. ალბათ, არავინ მიწყენთ, თუ პირველ რიგში სწორედ ჩემს თბილისს და თბილისელებს მივმართავ, სრულიად გულწრფელად გამოვხატავ იმ ემოციას, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი და ვგრძნობ ამ ქალაქის მიმართ. თბილისთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ამ ქალაქმა მომცა ყველაფერი, რისი მოცემაც შეეძლო – ურთიერთობები, სიყვარული, მეგობრები და შესაძლებლობა, მეზრუნა თბილისზე და თბილისელებზე.
ამიტომ, მეც არასდროს ვზოგავდი თავს, რომ ყველა ამ სიკეთეზე სიკეთითვე მეპასუხა, მესახელებინა ჩემი ქალაქი, ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა. ამ ქალაქისთვის არა მხოლოდ კარგი, ყველაფერი საუკეთესო მინდა. მაშინ, როდესაც ჩემმა ხალხმა ამირჩია თბილისის მერად, მომცა შესაძლებლობა, უშუალოდ მემსახურა ჩემი ქალაქისთვის, ჩემზე ბედნიერი და ამაყი, ალბათ, დედამიწაზე არავინ იყო. ვერავინ აღწერს იმ დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით გაჯერებულ განცდას, რომელიც მაშინ დამეუფლა და რომელიც არასდროს ტოვებს ჩემს გულს. ჩემი ქალაქის, თბილისელების მხრიდან გამოცხადებული ნდობა ის ფასეულობაა, რომელსაც აუცილებლად გავამართლებ, სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. მე ასე მწამს, ასე მიცხოვრია და ასე ვიცხოვრებ, რადგან მჯერა ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის და ჩემი ქალაქის უკეთესი მომავლის.
მე დღეს ძალიან ბევრი შემიძლია, ვისაუბრო თბილისზე, იმაზე, რისი გაკეთება შევძელი ჩემს გუნდთან ერთად, იმაზეც, რისი გაკეთებაც ჯერ ვერ მოვასწარით, მაგრამ რასაც აუცილებლად გავაკეთებთ. ბევრი შემიძლია ვისაუბრო მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც სამომავლოდ ვგეგმავთ თბილისისთვის. თუმცა, ყველას გვესმის, რომ 30 ოქტომბერს ჩვენ, პირველ რიგში, ღირებულებითი არჩევანის გაკეთება მოგვიწევს და დარწმუნებული ვარ, თქვენს სწორ არჩევანში.
პირველ რიგში, თითოეულ თქვენგანს გადაგიხდით უდიდეს მადლობას 2 ოქტომბრის გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის. ეს არჩევნები იყო ბევრად მეტი, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს იყო არჩევნები, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა გაევლო ზღვარი ძალადობასა და თავისუფლებას შორის, სიცრუესა და სიმართლეს შორის, უსამართლობასა და სამართლიანობას შორის, არეულობასა და მშვიდობას შორის, წარსულში დაბრუნებასა და მომავლის პერსპექტივას შორის“, – განახცადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, 2 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ აირჩია თავისუფლება, სიმართლე, სამართლიანობა, მშვიდობა და განვითარება.
„ჩვენ 2 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ყველას, რომ ქართველები თავისუფლებისმოყვარე, სამართლიანი და სწორი ღირებულებების მქონე ხალხი ვართ. ყოველმა მეორე მოქალაქემ ნდობა გამოუცხადა ჩვენს პოლიტიკურ ძალას, რომელიც, როგორც მმართველი პარტია, არის ამ ღირებულებების გარანტი ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაგვაკისრა პასუხისმგებლობა, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის სიმტკიცე, დავიცვათ ადამიანის ღირსება და თავისუფლება. დღესაც, 21-ე საუკუნეში ჩვენი ეროვნული ფასეულობების – მამულის, ენისა და სარწმუნოების დაცვა ჩვენს ყოველდღიურ ბრძოლასა და თავდადებას მოითხოვს“, – განახცადა კახა კალაძემ.