კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირის მეორე სარეაბილიტაციო მონაკვეთში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირის მეორე სარეაბილიტაციო მონაკვეთში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირის მეორე სარეაბილიტაციო მონაკვეთზე ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგების სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე ავტომობილებისთვის მოძრაობა 16 ოქტომბრიდან აღდგება, თუმცა სამუშაოები პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება.

„ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ 16-დან შესაძლებელი იქნებოდა მეორე მონაკვეთზე ავტომობილებით გადაადგილება. ეს არის „პიქსელიდან“ არაყიშვილი-რამიშვილის კვეთა ჭავჭავაძის გამზირზე და ზუსტად ეს სამუშაოები მიმდინარეობს ახლა. ქვედა ფენებში იქნება მოწყობილი გზა. ხაზს ვუსვამ, რადგან ხშირად, სამწუხაროდ, ხდება ჩემი ინტერვიუს არასწორი ინტერპრეტაცია. ეს არ ნიშნავს, რომ სამუშაოები დამთავრებულია. მხოლოდ და მხოლოდ ქვედა ფენებში იქნება მოწყობილი ეს კონკრეტული მონაკვეთი, როგორც პირველი მონაკვეთი. პარალელურად გავაგრძელებთ სამუშაოებს. ყველაფერი, რაც კი გასაკეთებელია, პარალელურ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები არაყიშვილის ქუჩიდან რიგის ქუჩამდე მონაკვეთზე გაგრძელდება.

„ჩვენ არ ვჩერდებით, რადგან მოსახლეობისა და საზოგადოების მოთხოვნა იყო, ეს პროექტი გაგვეგრძელებინა და არ გავჩერებულიყავით, გადავდივართ შემდეგ მონაკვეთზე: რიგის ქუჩამდე არაყიშვილის ქუჩიდან. თვის ბოლომდე იქნება დამთავრებული ანალოგიურად ქვედა ფენებში მოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ, რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს ეს პროექტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამჟამად „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში ასფალტის საფარი დაახლოებით 4500 კვ.მ. ფართობზე იგება.

რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა: მოეწყო წყალარინების, სანიაღვრე და სასმელი წყლის ახალი ქსელი. კომპანია „ყაზტრანსგაზის“ მიერ სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიგო ასფალტის საფარის ქვედა ფენა. მირცხულავას ქუჩიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე კი კომპანიებმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ და „ყაზტრანსგაზმა“ სამუშაოები დაასრულეს.

რაც შეეხება დარჩენილ 1.2-კილომეტრიან მონაკვეთს თაქთაქიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე, ის ორ ნაწილად დაიყოფა და ანალოგიური სამუშაოები ჩატარდება, მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგება ასფალტის საფარი.

სრული სარეაბილიტაციო არეალი 2.5 კილომეტრს მოიცავს.

პროექტის ფარგლებში მთლიანობაში შეიცვლება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საერთო ჯამში ასფალტის ახალი საფარი 60 000 კვ.მ. ფართობზე დაიგება. მოეწყობა ახალი ბაზალტის ბორდიურები, ტროტუარი, მოპირკეთება ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე მოეწყობა საველოსიპედო სავალი ნაწილი, ტროტუარის გასწვრივ კი დამონტაჟდება ჭედური მოაჯირები და სხვა სახის ბარიერები – ბოძკინტები.

გამზირი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის, შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ახალი თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის ლედ (LED) განათების სისტემა. ასევე, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, ტროტუარებზე თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები და ნარჩენების შემკრები კონტეინერები, მოეწყობა ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სავალი ნაწილი – ბასლაინები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ განახორციელებს.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯება.