კახა კალაძე - ჭავჭავაძის გამზირი ბუნებრივი ქვით მოპირკეთდა, ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს ქალებისგან, რომლებიც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდებიან
ჭავჭავაძის გამზირი მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით, სადაც ძალიან სასიამოვნოა გადაადგილება და ძალიან ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქუჩები, რომელთა განახლებაც ხდება, მთლიანად მორგებულია ქვეითად მოსიარულეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.
„ჩვენი ხედვა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველაზე კომფორტული და სწრაფი. ყველაზე მეტი ადამიანი დღის განმავლობაში გადაადგილდება, როგორც ავტობუსით, მიკროავტობუსით, ასევე მეტროთი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მოწესრიგდეს ეს მიმართულებები და ჩვენ უკვე კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული. დავიწყეთ ავტობუსების განახლების პროცესი, წლის ბოლომდე მთლიანად გვეყოლება ავტობუსების ახალი პარკი და ეს ყვითელი ჯართი აღარ ივლის, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს ქმნიდა. ჩვენ რა თქმა უნდა, კერძო ავტომობილებს არ ვკრძალავთ და ვერც ავკრძალავთ. ასევე, არის შესაძლებლობა, რომ ჭავჭავაძის გამზირი რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად მორგებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ქვეითად მოსიარულეებზე. გამზირი მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით, სადაც ძალიან სასიამოვნოა გადაადგილება და ძალიან ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება“, – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერი განმარტავს, რომ თბილისში კერძო ავტომობილებით გადაადგილება არ იკრძალება, თუმცა უპირატესობა საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიენიჭება.
„აღნიშნული პოლიტიკის მოწინააღმდეგეები საუბრობენ და ცდილობენ, საზოგადოება მიზანმიმართულად შეიყვანონ შეცდომაში, რომ ჩვენ, თითქოს ვკრძალავთ კერძო ავტომობილებით გადაადგილებას. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე სწრაფი და კომფორტული. პარალელურად, სადაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, ყველგან ხდება ამ პოლიტიკის გათვალისწინება და საგზაო ინფრასტრუქტურის ისე მოწყობა, რომ ავტობუსებით, მიკროავტობუსებით გადაადგილება იყოს ყველაზე სწრაფი დედაქალაქში. ასევე, მეტროს მიმართულებით დავიწყეთ მთელი რიგი სამუშაოები – ვაგონების რეაბილიტაცია დავიწყეთ, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. მთლიანობაში, გვინდა, რეფორმა, რომელიც წამოვიწყეთ ძალიან სწრაფად იყოს გამართული, დასრულებული“, – განაცხადა კალაძემ.