კახა კალაძე - გუშინ საუბარი იყო ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე, თუმცა ეს ჩანაწერები არავის უნახავს
გუშინ საუბარი იყო ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე, თუმცა ეს ჩანაწერები არავის უნახავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, ზოგადად ფარული ჩანაწერებით შანტაჟი მისთვის კატეგორიულად მიუღებელია და ეს დრო წარსულს ჩაბარდა.
„მე არ ვიცი, ზოგადად რა ჩანაწერებზეა საუბარი. გუშინ საუბარი იყო, რომ ვრცელდებოდა, თუმცა არავის არ უნახავს ეს ვიდეო ჩანაწერები. ზოგადად, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება, ჩანაწერებით შანტაჟი და ა.შ. ვფიქრობ, აქ ყველა გავერთიანდით და ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ . რა თქმა უნდა, გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს, რასთან გვაქვს საქმე. არ ვიცი, შეიძლება ვიღაც კონკრეტული ადამიანები რაღაცას აკეთებდნენ ამ მიმართულებით. ალბათ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს. თუ ასეთი ფაქტი იყო და მართლა იყო ნაჩვენები ეს ჩანაწერი, ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის“, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა საუბარი იყოს მმართველი გუნდის წევრებზე თბილისის მერი ამბობს, რომ ეს გამორიცხულია. „არა, მე ამას გამოვრიცხავ“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.