კახა კალაძე - ცენტრალური ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრის დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რომლებიც დედაქალაქში გავაკეთეთ
ცენტრალური ხელისუფლებისა და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დახმარება რომ არა, შეუძლებელი იქნებოდა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რომლებიც დედაქალაქში გავაკეთეთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერას.
„მე, როგორც ქალაქის მერი, შემიძლია გითხრათ, რომ არა ცენტრალური ხელისუფლებისა და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დახმარება, შეუძლებელი იქნებოდა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რომლებიც დედაქალაქში გავაკეთეთ. დარწმუნებული ვარ, ეს მხარდაჭერა და თანამშრომლობა შემდეგი ოთხი წელიც იქნება, რომ შევძლოთ კიდევ ბევრი პროექტის განხორციელება, რომელიც მე მაქვს დაანონსებული და რომელზეც ვესაუბრები მოსახლეობას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ ქალაქის აღმშენებლობისთვის და განვითარებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, სხვადასხვა ქალაქში ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში, ქალაქები დარჩებიან თუ არა დაფინანსების გარეშე, კალაძემ აღნიშნა, რომ „ქალაქები დაფინანსების გარეშე ვერ დარჩებიან“.
ამასთან, კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, რომ „ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობენ“.
„კრიზისი შიძლება, რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ, მაგრამ თქვენ ნახეთ, იმართებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებზეც მესაუბრებით, შემოიტანეს თემა ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელიც საერთოდ არანაირ კავშირში არ იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან, თავისივე შემოტანილი ე.წ. რეფერენდუმიც წააგეს“, – განაცხადა კალაძემ.