კახა კალაძე - ცდილობენ, როგორმე დააზიანონ ქვეყანა, შემოიტანონ არეულობა, დესტაბილიზაცია, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა
რადიკალური ძალები ცდილობენ, ქვეყანაში დაპირისპირება შემოიტანონ და რევოლუციები მოაწყონ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივასთან“ დაკავშირებული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.
„ნუ გვიკვირს ასეთი ქმედებები. ესენი არიან რადიკალური ძალებისგან დაკომპლექტებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ყველანაირი ზიანი მიაყენონ ქვეყანას, ხალხი დააპირისპირონ ერთმანეთს, მოაწყონ რევოლუციები, განახორციელონ ხელისუფლების დამხობა ყველანაირი მეთოდებით. ნუ გვიკვირს. ისინი ყველაფერს გააკეთებენ და იკადრებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, მცდელობის მიუხედავად, დესტაბილიზაცია არავის გამოუვა.
„წარმოიდგინეთ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს იკადრეს და გააკეთეს ის, რაც ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი თუ ხარ, გიყვარს შენი ქვეყანა, ხალხი და პატივს სცემ მას, როგორ უნდა იკადრო და გააკეთო. დღესაც იმავეს აგრძელებენ, დღესაც ცდილობენ, როგორმე დააზიანონ ქვეყანა, მისი ხვალინდელი დღე, ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა, დესტაბილიზაცია, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა. ქვეყანაში შენარჩუნებული იქნება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ეკონომიკური განვითარება და ევროინტეგრაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.