კახა კალაძე - მოსახლეობა ყველაფერს კარგად ხედავს და არჩევნებზე შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებს
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი, ოპოზიციაში ყოფნისას კი ყველას აჩვენებენ, როგორი არ შეიძლება იყოს ოპოზიცია.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა ყველაფერს ძალიან კარგად აფასებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებს.
„მოდით, დავიწყოთ კიდევ უფრო ადრინდელი დროიდან, როცა ჯერ კიდევ ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, არა მხოლოდ ჩვენს საზოგადოებას, არამედ მსოფლიოს აჩვენებდნენ, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი და როდესაც დღეს ისინი ოპოზიციაში იმყოფებიან, ყველას აჩვენებენ, თუ როგორი არ უნდა იყოს ოპიზიცია.
შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხალხი, საზოგადოება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, ყველაფერს ძალიან კარგად აფასებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებს“,- აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, კალაძის განცხადებით, საზოგადოება კარგად ხედავს, თუ როგორ მოქმედებს მმართველი გუნდი, რა რეფორმები განხორციელდა 2012 წლის შემდეგ.
„ყველაფერი არის შედარებითი, ხომ? ჩვენ უნდა შევადაროთ, რაც 2012 წლამდე იყო, მაგრამ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა, მაგრამ ჩვენ გვინდა, ვიყოთ ისეთი განვითარებული ქვეყანა, როგორც ევროპული, დიდი ქვეყნები არიან განვითარებული. ამისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია სამუშაო, ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ რაც იყო წარსულში, როგორც ცა და დედამიწა ისეთი განახვავებაა. წინ გადადგმული ნაბიჯები არის და საზოგადოება ამას ხედავს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიიღებს შესაბამის გადაწყვიტილებას“,- აღნიშნა კახა კალაძემ.