კახა კალაძე - ბოლო ორი კვირის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილზე იმდენი ვისაუბრეთ, აღარ მინდა მასზე საუბარი
არ მინდა, შევიდე პოლემიკაში. სალომე ზურაბიშვილზე ისედაც ბევრი ვისაუბრეთ ბოლო კვირების განმავლობაში. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ქვეყანას აქვს, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, როგორ უნდა გააგრძელოს ქვეყნის პრეზიდენტმა მუშაობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.
დედაქალაქის მერის თქმით, სამწუხაროა, თუმცა დადასტურებული ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.
„სალომეზე ნამდვილად აღარ მინდა საუბარი. იმდენი ვისაუბრეთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რაც ქვეყანას, ხალხს აქვს, ამიტომ არ მინდა, შევიდე პოლემიკაში. ყველაფერი ცხადია და ნათელია. დადასტურებულია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და ძალიან ცუდია, რომ ამის ხაზგასმა მიწევს. უმძიმესია აღნიშნული ფაქტი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება, იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც აქტუალურია საზოგადოებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.