კახა კალაძე - ბოდიშს ვუხდი შეფერხებისთვის იმ მძღოლებს, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე სქემის ამოქმედების პირველ დღეს გადაადგილდებოდნენ
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ახლად რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე და საავტომობილო მოძრაობის ახალ სქემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
კახა კალაძემ იმ ადამიანებს, ვისაც ახალი სამოძრაო სქემის ამოქმედების პირველ დღეებში ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილება მოუწია, ბოდიში მოუხადა.
როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თავადაც მართავს ავტომანქანას და ყოველდღიურად გადაადგილდება ქალაქში. შესაბამისად, ყველა ადამიანის კარგად ესმის.
„მინდა დავიწყო თემით, რომელიც საკმაოდ აქტუალურია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამომავლოდ თბილისისთვის და თბილისელებისთვის. მინდა დავიწყო შაბათით, როდესაც ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა უკვე ახალი გადაწყობილი სისტემით დაიწყო. მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ავტომანქანის მძღოლს, ვინც კონკრეტულად ამ დღეს ჭავჭავაძის გამზირზე ან მის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილდებოდა და მოუწია გარკვეული დროით „საცობში“ დგომა. ადამიანურად ნამდვილად მესმის თქვენი. მეც რიგითი მოქალაქე ვარ. ვმართავ ავტომობილს და ყოველდღიურად ქალაქში გადავადგილდები. თქვენს ადგილას, მეც იგივე განწყობა და დამოკიდებულება მექნებოდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მესმის თითოეული თქვენგანის და მინდა ბოდიში მოგიხადოთ. მინდა, დავიწყო ცოტა შორიდან. როდესაც ჯერ კიდევ მინისტრი ვიყავი და გუნდმა შემომთავაზა, რომ ვყოფილიყავი მერობის კანდიდატი, ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო, ვიყავი ენერგეტიკის მინისტრი, მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებდი, არ ველოდებოდი ამ შემოთავაზებას. ამ შემოთავაზების შემდეგ ვითხოვე რამდენიმე დღე, რადგან კარგად მესმის, რამდენად რთულია ამხელა ქალაქის მართვა ქვეყანაში არსებული მიგრაციისა და პოლიტიკური ვნებების ფონზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, შეიძლება ვინმესთვის დედაქალაქის მერობა, ეს სტატუსი, იყო გარკვეულწილად მიმზიდველი პრივილეგია, მაგრამ მისთვის ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და მსახურება.
„ეს არის მსახურება თბილისისა და თბილისელების წინაშე. მე რამდენიმე დღე ვიფიქრე ამ შემოთავაზებაზე, შევხვდი ადამიანებს, რომლებიც დღეს აქ ბრძანდებიან, ვისაუბრეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, აგვეღო ეს პასუხისმგებლობა. ასევე, როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ, ვთქვით, რომ ვერ ვიქნებოდით ის ადამიანები, რომლებიც უბრალოდ გზას დააგებდნენ და ორმოებს ამოავსებდნენ. ჩვენ ვთქვით, რომ უნდა ვიყოთ ის ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქში გაატარებენ რეფორმებს, რომელიც შეიძლება იყოს მტკივნეული, არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისა და ჩვენი შვილებისთვის. ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვტრიალებთ ერთსა და იმავე წრეზე. როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, დავიწყეთ მუშაობა საარჩევნო პროგრამაზე, რომელიც შედგებოდა შვიდი ძირითადი მიმართულებისგან, ეს იყო კონკრეტული ხედვა, პრობლემები, რომელიც აწუხებდა თბილისს. 30 წლის განმავლობაში ეს იყო ის პრობლემები, რომელიც სტკიოდათ თბილისელებს. ჩვენ წარმოვადგინეთ საკუთარი ხედვა და გადასადგმელი ქმედითი ნაბიჯები რასაკვირველია უნდა გადაგვედგა ამ პრობლემების მოსაგვარებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მიმართულება იყო სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელზეც ყველა თანხმდება, რომ არის უმძიმეს მდგომარეობაში.
„როდესაც ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, მოვიძიეთ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კომპანიები, ექსპერტები, რომელთაც ანალოგიური პროექტები ჰქონდათ გაკეთებული. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ეს არის ჩემი ახირება და ხუშტურები. ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი, მინდა და მაქვს ამბიცია, რომ ყველაფერი საუკეთესო, რაც განვითარებულ ევროპულ ქალაქებშია გაკეთებული, ჩემს ქალაქშიც განხორციელდეს. ეს უნდა მოხდეს გათვლით, სტრატეგიებითა და კონკრეტული პროექტების განხორციელებით. კომპანიები, რომლებიც ჩვენ მოვიძიეთ, უძლიერესი კომპანიებია. ეს არის „ლოტმაგდონალდსი“ – ბრიტანული კომპანია, „რამბოლი“ – დანიური კომპანია, „სისტრა“ – ფრანგული კომპანია, „გოპა“ – გერმანული კომპანია. ამ კომპანიებთან ჩვენ ვმუშაობთ. სტრატეგია, დაგეგმარება, მარშრუტები და რეფორმები წამოვიწყეთ ამ კომპანიების მხარდაჭერით, რომლებიც მუშაობდნენ ევროპულ განვითარებულ ქალაქებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.