კახა კალაძე ბიზნესსექტორს მოუწოდებს, მოერგონ დიდგაბარიტიანი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ცვლილებებს
მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბიზნესსექტორს, ასევე, მიმღებ სუბიექტებს, გადაეწყონ და მოერგონ დიდგაბარიტიანი ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით დადგენილ რეგლამენტს, რათა არ მოგვიწიოს მათი დაჯარიმება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, რეფორმის განხორციელების პროცესში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია შედგა.
„აღნიშნული რეფორმა გასულ წელს დავიწყეთ და ამ პერიოდში ბიზნესასოციაციაში სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენელთან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. შეხვედრებს ესწრებოდა ვიცე-მერი და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც პირადად პასუხობდნენ შეკითხვებს და ითვალისწინებდნენ მათ საჭიროებებს. საკმაოდ თანმიმდევრული კომუნიკაციის პირობებში, საჯარო განხილვის რეჟიმში შევიმუშავეთ ეს რეფორმა და შესაბამისი რეგულაციები. ამის შემდეგ ის განიხილა პარლამენტმა და გასული წლის ბოლოს მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც საკრებულომ გამოიტანა შესაბამისი გადაწყვეტილება, დაწესდა რეგულაციები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დიდგაბარიტიანი ავტომანქანების შეზღუდვაზე ინფორმაცია მუდმივად ვრცელდებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ბიზნესსექტორის ცალკეული სუბიექტები ამ რეგულაციას მოუმზადებლები შეხვდნენ.
„მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს რეფორმა და პიკის საათებში დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვა თბილისის ცენტრალურ ნაწილში. ვიცით, ქალაქში რა მდგომარეობაა და მუნიციპალიტეტი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში ბევრ ღონისძიებას ახორციელებს იმისთვის, რომ მოქალაქეებს სწრაფად გადაადგილების საშუალება მიეცეთ – პირველ რიგში, გავზარდოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამტარობა. განვაახლეთ ავტოპარკი, ახალი ავტობუსები შემოვიყვანეთ და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. საგზაო ნაწილშიც ხორციელდება კონკრეტული პროექტები, როგორიცაა ქუჩების ახალი დიზაინი, მთლიანად გადაწყობა, რათა საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჰქონდეს პრიორიტეტი და შეეძლოს ყველაზე სწრაფად გადაადგილება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე განცხადებით, დიდგაბარიტიან ავტომობილებს გადაადგილება მხოლოდ დილისა და საღამოს პიკის საათებში ქალაქის კონკრეტულ რაიონებში ეზღუდებათ.
„მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შევამციროთ იმ ინციდენტების რაოდენობა, რომლებიც აფერხებს მოძრაობას. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ ზემოაღნიშნული ცვლილებები. მთავრობის რამდენიმე სხდომის წინ საზოგადოებას ვაჩვენე კადრები, რამხელა პრობლემას იწვევს დედაქალაქში დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილი, რომელიც დაზიანებულია ან შეექმნა პრობლემა. ამ ყველაფერს ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება, ერთი ქუჩიდან გადადის მეორეზე და ასე შემდეგ. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბიზნესსექტორს, როგორც ამ სერვისის გამწევს, ასევე მიმღებ სუბიექტებს, გადაეწყონ და მოერგონ დადგენილ რეგლამენტს, რათა არ მოგვიწიოს მათი დაჯარიმება. არავის უხარია ვინმეს დაჯარიმება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმისთვის, რომ მოქალაქეებს გადაადგილება შევუმსუბუქოთ. დიდგაბარიტიან ავტომობილებს დილისა და საღამოს პიკის საათებში ქალაქის კონკრეტულ რაიონებში ეზღუდებათ გადაადგილება. თუ შედარებას გავაკეთებთ, დღეს რადიკალურად განსხვავებული ვითარება გვაქვს, ვიდრე ეს თვეების წინ იყო. შემსუბუქებულია ვითარება, თუმცა ჯერ ისეთი არ არის, როგორიც გვინდა, რომ საბოლოოდ მივიღოთ. რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.