კახა კალაძე - ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვედრაზე ვიწვევთ, სადაც ყველა საინვესტიციო პროექტს გავაცნობთ
კახა კალაძე - ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვედრაზე ვიწვევთ, სადაც ყველა საინვესტიციო პროექტს გავაცნობთ

ბიზნესის წარმომადგენლების ჩართულობა ქალაქის განვითარებაში აუცილებელია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ხვალ დედაქალაქის მერიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება, სადაც თბილისში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებზე იქნება საუბარი.

„ხვალ ვგეგმავთ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რომელიც მერიის ორგანიზებით „რესდისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება. გვინდა, რომ კიდევ ერთხელ მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ყველა იმ საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქს აქვს და მგონია, რომ ზოგადად ბიზნესის თანადგომა, მათი ჩართულობა აუცილებელია ქალაქის განვითარებაში. იმ ვალდებულებებს, რაც ჩვენი მოქალაქეების წინაშე აღებული გვაქვს, აუცილებელად შევასრულებთ, თუმცა ბიზნესის წარმომადგენლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ ქვეყნისა და ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში. მათი თანადგომა იქნება აუცილებელი იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებში, რომელიც ჩვენ გვაქვს დაანონსებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ხვალინდელ შეხვედრაზე ბიზნესსექტორის ყველა წარმომადგენელი მიიწვია.

„იმედი გვაქვს, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა იქნება. ბიზნესსექტორს ყველა საინვესტიციო პროექტს გავაცნობთ. მივაწვდით სრულ ინფორმაციას, თუ რა ბიზნეს აქტივობებს სთავაზობს მერია კერძო სექტორს და მივცემთ ამ პროექტებში კონკურენტულ საწყისებზე მონაწილეობის შესაძლებლობას. ეს არის სამშენებლო პროექტები, მიწისქვეშა პარკინგების პროექტები, რადიოქალაქის, ქალაქის გარე განათების პროექტი და ა.შ. ბევრი საინტერესო პროექტი იქნება, რომელსაც ხვალ წარმოვადგენთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.