კახა კალაძე - ბიუჯეტი, რომელიც დედაქალაქს აქვს, რადიკალური ცვლილებების განსახორციელებლად საკმარისი არ არის
ბიუჯეტი, რომელიც დედაქალაქს აქვს, მიმაჩნია, რომ არ არის საკმარისი, რათა ქალაქში ჩვენ რადიკალური ცვლილებები განვახორციელოთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის ბიუჯეტისთვის 30 მილიონი ლარის გამოყოფა უკავშირდება იმას, რომ ქალაქში კონკრეტული პროექტები განხორციელდეს.
„30 მილიონი დამატებით გამოიყო ფინანსთა სამინისტროს მხრიდან. ეს თანხები მოხმარდება კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქალაქში, რომლის განხორციელებას უახლოეს მომავალში ვიწყებთ. ზოგადად ბიუჯეტი, რომელიც დედაქალაქს აქვს, მიმაჩნია, რომ არ არის საკმარისი, რათა ქალაქში რადიკალური ცვლილებები განვახორციელოთ, თუმცა წინა წლებთან შედარებით, წელს იყო განსხვავებული და მაღალი ბიუჯეტი. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ქალაქის ბიუჯეტი იქნება უფრო მეტი და გვექნება შესაძლებლობები, რომ მომატებული ბიუჯეტით ქალაქისთვის ბევრად საინტერესო და საკეთილდღეო პროექტები განვახორციელოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.