კახა კალაძე - ბინძური მეთოდებით ცდილობენ, გაურკვევლობა შემოიტანონ ქვეყანაში, თუმცა ჩვენ ამისთვის მზად ვართ, დიპლომატიურ კორპუსსაც სრულყოფილ ინფორმაციას მივაწვდით
დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები ბინძური მეთოდებით ცდილობენ, დესტრუქცია, გაურკვევლობა შემოიტანონ ქვეყანაში.
მისივე თქმით, მათ ამის საშუალებას არ მისცემენ და დიპლომატიურ კორპუსს საკითხზე სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდიან.
აღნიშნულის შესახებ კალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებაზე კომენტირებისას ისაუბრა.
„გვახსოვს განვლილი არჩევნებიც. იგივე ხელწერაა და ბინძური მეთოდებით ცდილობენ, დესტრუქცია, გაურკვევლობა შემოიტანონ, თუმცა ჩვენ ამისთვის მზად ვართ. საზოგადოებისთვის იყო მნიშვნელოვანი, მიგვეწოდებინა ინფორმაცია. ასევე დიპლომატიურ კორპუსს მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას, რომ ყველამ იცოდეს, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, ქვეყანაში გარკვეული არეულობისა და დესტაბილიზაციის შემოტანის შესაძლებლობა არავის მიეცემა.
ბევრი გარემოებაა, რაც ეჭვებს ქმნის, თუნდაც ის, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან ე.წ. დამკვირვებლად. დამკვირვებლის გარდა, ყველაფერი შეგვიძლია ვუწოდოთ ამ ადამიანებს. ასე რომ, შესაბამისი სამსახურებიც გააქტიურდებიან და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსაც მიეწოდებათ ეს ინფორმაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები არ აწარმოებენ წინასაარჩევნო აქტიურ კამპანიას, რაც ამყარებს განცდას, რომ ისინი არა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის ემზადებიან.
მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული არჩევნებიდან მიღებული გამოცდილება ნათელს ხდის, რომ არჩევნებს ნეიტრალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, აკვირდებიან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც პირდაპირ აფილირებული არიან სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტთან.
მიქანაძის განმარტებით, საფუძვლიანი ვარაუდი აქვთ, რომ 15 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია პირდაპირ კავშირშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“, საიდანაც ფინანსური მხარდაჭერა აქვთ.