კახა კალაძე - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტები 100%-ით დაფინანსდება და ყველა მათგანზე ტენდერი გამოცხადდება
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების რეფორმაზე 30 მლნ ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის 100 დღის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„ჩვენ განვახორციელეთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების რეფორმა, ამ მიმართულებით დაახლოებით 30 მლნ ლარი დაიხარჯება, რეფორმა მდგომარეობს იმაში, რომ დღემდე შესაძლებელი იყო 10-20%-იანი თანადაფინანსებით გარკვეული პროექტების განხორციელება. მოდიოდა ამხანაგობის თავმჯდომარე, მოჰქონდა ესა თუ ის პროექტი, მაგალითად, სადარბაზოს და სახურავის შეკეთება, ეზოს კეთილმოწყობა და აშ. ეს ყველაფერი ხდებოდა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ტენდერის გარეშე“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი განცხადებით, ეს მიდგომა აიკრძალა, რაც სწორი ნაბიჯია.
„პირველი რეფორმა, რომელიც განხორციელდა ამ მიმართულებით ისაა, რომ ჩვენი მხრიდან 100%-ით დაფინანსება მოხდება და ყველა პროექტზე გამოცხადდება ტენდერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერის 100 დღიანი ანგარიშის წარდგენა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში გაიმართა.