კახა კალაძე - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების სისტემის არსებულ მოდელში პრობლემებია
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების სისტემის არსებულ მოდელს მუშაობის გამჭვირვალობის თვალსაზრისით პრობლემები აქვს. იხარჯება 28 მილიონი ლარი და მგონია, რომ ეს არ არის ეფექტური, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და მის მოადგილეს ილია ელოშვილს დაავალა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების სისტემის არსებული ფორმისა და მისი ფუნქციების გადახედვა მოხდეს.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების სისტემის არსებულ მოდელზე მგონია, რომ პრობლემები გვაქვს. 28 მილიონი ლარი იხარჯება ამ მიმარულებით და მგონია, ეს არ არის ეფექტური. გამჭვირვალობის თვალსაზრისითაც არსებობს პრობლემები. მინდა ილია ელოშვილს დავავალო, მოხდეს ამ სისტემის და მისი ფუნქციების ახლებურად გააზრება და განვითარდეს როგორც მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის თანამშრომლობის ინსტიტუტი. ჩვენ ეს გვაძლევს მართლაც კარგ შესაძლებლობას, რომ მართლაც მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე. მგონია, რომ მნიშვნელოვან და სასიკეთო პროექტს განვახორციელებთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.