კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილს დღეს ქართულ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს
თბილისის მერი კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს დღეს ქართულ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ის ქვეყნის მასშტაბით საქველმოქმედო საქმიანობით არის დაკავებული.
„როდესაც გინდათ, ამბობთ, რომ ივანიშვილი პოლიტიკაშია და პოლიტიკურ პროცესებს მართავს. ხოლო როდესაც გაწყობთ, ამბობთ, რომ ის შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს. ამ ადამიანმა მაშინ, როდესაც საჭირო იყო, გააკეთა განცხადება პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით. მას შემდეგ მას არანაირი კავშირი არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან.
რა თქმა უნდა, ივანიშვილი სარგებლობს ძალიან დიდი ავტორიტეტით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში, იმიტომ, რომ უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ქველმოქმედების სახით. დღესაც, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება მსგავსი პროექტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და „ქართუ ფონდი“ ახორციელებენ. შესაბამისად, განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, არის ძალიან დიდი სიცრუე“, – განაცხადა კახა კალაძემ.