კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი პოლიტიკაში შემოსვლა იყო, ის არის მაგალითი შეუპოვრობის, პრინციპულობის, მაგალითი, როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი ოჯახი, ქვეყანა
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი, საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის მაგალითი შეუპოვრობის, პრინციპულობის, მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი ოჯახი, ქვეყანა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში, თავისუფლების მოედანზე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ივანიშვილის მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა იყო.
„ჩემო მეგობრებო, თბილისელებო, თქვენ ხართ ის ხალხი, ვისაც არასდროს დაუხევია უკან, მაშინაც კი, როდესაც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი სასტიკად უსწორდებოდა ყველას, ვინც განსხვავებულ მოსაზრებას გამოხატავდა. გვახსოვს, რა ხდებოდა ბიზნესის მიმართ ქვეყანაში; რა ხდებოდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ; გვახსოვს, როგორ ხოცავდნენ ახალგაზრდებს ქუჩაში; გვახსოვს, რა ხდებოდა ციხეებში. ქვეყანაში სუფევდა ტოტალური შიში, იყო ნიჰილიზმი.
ამ დროს, გამოჩნდა ადამიანი, რომლის ირგვლივ გაერთიანდა სრულიად საქართველო და დაირაზმა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც წარმოადგენდა სააკაშვილის რეჟიმი. ჩვენ, ჩვენი ერთობით, 2012 წლის პირველ ოქტომბერს მივაღწიეთ გამარჯვებას. ამ ადამიანის შესახებ ბევრმა არ იცოდა. გაგებული გვქონდა მხოლოდ მისი სახელი-გვარი და საქართველოსთვის გაკეთებული ისეთი მნიშვნელოვანი საქმეები, როგორებიცაა: ეკლესიების მშენებლობა, ძეგლების აღდგენა, სკოლების, ბაღების მშენებლობა, რეკრეაციული პროექტები და უამრავი სხვა, აღარ გავაგრძელებ ჩამოთვლას. მე მაინც ვიტყოდი, რომ მისი მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა იყო. ის თავისი ოჯახით დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს. დღესაც ეს ადამიანი, თავისი ოჯახით, აქ დგას. მინდა, მივესალმოთ ცოტნე ივანიშვილს, რომელიც აქვე, ახალგაზრდებთან ერთად დგას. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი, საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის მაგალითი შეუპოვრობის, პრინციპულობის, მაგალითი იმისა, როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი ოჯახი, ქვეყანა“, – განაცხადა კალაძემ.