კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩვენმა ერთობლივმა ბრძოლამ ხელისუფლებას დამნაშავე, ძალადობრივი რეჟიმი ჩამოაშორა
ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩვენმა ერთობლივმა ბრძოლამ ხელისუფლებას დამნაშავე, ძალადობრივი რეჟიმი ჩამოაშორა. რეჟიმი, რომელიც ადამიანებს ამცირებდა, კლავდა, ატერორებდა და უპასუხისმგებლო, დანაშაულებრივი ნაბიჯებით ჩვენი ქვეყანა ჩიხში შეჰყავდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გარდაბანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაურ დარგალის წარდგენაზე განაცხადა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „ქართული ოცნება“ გარდაბნის მოსახლეობასთან ერთად კიდევ ერთი გამარჯვებისთვის ემზადება.
„გარდაბანი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გამორჩეული ადგილია. თქვენ საქართველოს გამორჩეული მოქალაქეები ხართ, მოქალაქეები, რომლებიც თქვენი ყოველდღიური შრომით აძლიერებთ საქართველოს და ჩვენი ქვეყნის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეგაქვთ. „ქართული ოცნება“ თქვენთან ერთად კიდევ ერთი გამარჯვებისთვის ემზადება. ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩვენმა ერთობლივმა ბრძოლამ ხელისუფლებას დამნაშავე, ძალადობრივი რეჟიმი ჩამოაშორა. რეჟიმი, რომელიც ამცირებდა, კლავდა, ატერორებდა ადამიანებს და უპასუხისმგებლო, დანაშაულებრივი ნაბიჯებით ჩვენი ქვეყანა ჩიხში შეჰყავდა, რაც ძალიან მტკივნეული იყო ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის“, – განაცხადა კალაძემ.
პარტიის გენერალურმა მდივანმა 2012 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. განათლება და ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, ადამიანებს სამართლიანობის განცდა დაუბრუნდათ და დღეს ყველა მოქალაქეს შეუძლია, სახელმწიფოს დახმარებით საკუთარი ოჯახი და რეგიონი ეკონომიკურად გააძლიეროს. გაიხსნა უამრავი საწარმო, გაიზარდა მეურნეობების რაოდენობა და მოქალაქეს მისი პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა აღარ უდგას. ასევე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ძალიან ბევრი პროგრამა განხორციელდა და ადამიანებს მიეცათ შესაძლებლობა, ესარგებლათ სხვადასხვა პროგრამით, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს.
ჩვენ გვაქვს მომავლის სწორი ხედვა და გამარჯვების რწმენა, რწმენა, რომ ჩვენი ქვეყანა გლობალური პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, წარმატებული იქნება და თქვენთან ერთად, ყველა გამოწვევას ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად აუცილებლად გავუმკლავდებით. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც იქნება თქვენი წარმომადგენელი, თქვენი ხმა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მას სჭირდება თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს არ იქნება მხოლოდ პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვება, ეს იქნება სრულიად ჩვენი ქვეყნის გამარჯვება“, – განაცხადა კალაძემ.